საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა, რომლის გათვალისწინებით, პოლიტიკურ პარტიებს არაწინასაარჩევნო პერიოდში უფლება ექნებათ, მაუწყებლებისგან პოლიტიკური შინაარსის რეკლამის დამზადებისა და გავრცელების მომსახურება შეისყიდონ.
შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა მოამზადა, რომელმაც პროექტი კომიტეტს დღეს წარუდგინა.
დეპუტატი განმარტავს, რომ კანონპროექტის მომზადება დღეს მოქმედმა რეგულაციამ განაპირობა, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიას არაწინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა ეკრძალება, რაც მათი იდეების, წამოწყებებისა და საქმიანობის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობას ზღუდავს.
ინაშვილის თქმით, საქართველოში რეგისტრირებული 200-მდე პოლიტიკურ პარტიაა, რომელთაც ცვლილებები შესაძლებლობას მისცემს, არაწინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამა განათავსოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში, ათამდე საერთო ეროვნულ და სხვა ათეულობით კერძო მაუწყებელზე, მათ შორის, რეგიონულ მაუწყებლებზე, რაც მათ და საბიუჯეტო შემოსავლებზე ზეგავლენას მოახდენს.