საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშს განიხილავს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის განხილვა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განახლდება.
დოკუმენტის მიხედვით, პირველი კვარტალის მონაცემებით, სახელმწიფო ბიუჯეტი 221 მილიონი ლარის გადაჭარბებით შესრულდა და მთლიანმა შემოსავლებმა ორი მილიარდ 969 მილიონი ლარი შეადგინა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიმდინარე წლის ბიუჯეტის პირველი სამი თვის პარამეტრებს პოზიტიურად აფასებს.
„რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საგადასახადო შემოსავლები შესრულებულია 144 მილიონი ლარის გადაჭარბებით და პოზიტიური ტრენდი გვაქვს ეკონომიკაში. ეკონომიკურმა ზრდამ პირველ კვარტალში შეადგინა 5,2 პროცენტი, მაშინ, როდესაც დაგეგმილი გვქონდა 4,5 პროცენტზე. ასევე, მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად უსწრებს იმპორტის ზრდას. კარგი მაჩვენებლები გვაქვს ინფლაციასთან დაკავშირებითაც, რომელიც დაგეგმილ მაჩვენებლებზეა. ეს მთლიანობაში პოზიტიურად მოქმედებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე“, – აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს.
„სამი თვის განმავლობაში 137 მილიონი ლარით იყო გარღვევა ხარჯვით ნაწილში. მეორდება ის, რაც იყო ყოველწლიურად. ვერ ასრულებენ ხარჯვის გეგმას. შემდეგ, შემოდგომაზე იწყება ამ ფულის ზვავით დაგორება და მერე ხდება ლარის გაუფასურება და პანიკა“, – აცხადებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე.