საფეხბურთო ტაიმაუტი | რევაზ ჩელებაძე - გუნდებს მილიონ-ნახევარი ევროც რომ ჰქონდეთ, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ბევრს მივაღწევთ #1TVSPORT
ვეტერანმა ფეხბურთელმა რევაზ ჩელებაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ეროვნული ლიგის გუნდების ფინანსურ მდგომარეობაზე ილაპარაკა.
„ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ბიჭები საქმეში სულს და გულს დებენ, მაგრამ სახელმწიფოს სახსრები საკმარისი არაა. თუ გვერდში უფრო სერიოზულად არ დაუდგებიან, საქმეს არ ეშველება. ნელ-ნელა ვიძირებით.
კარგია, რომ ვილი სანიოლი ნაკრებში საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელებს იწვევს. ახლახან შეკრებაზე ყაზახებს შევხვდით და ჩვენზე ბევრად მდიდარ გუნდს აშკარად ვაჯობეთ. ყაზახეთში 5 მილიონ ევროზე მცირე ბიუჯეტი გუნდს არ აქვს. 3 მილიონს სახელმწიფო აძლევს და თუ ევროტურნირებზე თამაშობს, დაფინანსება ორმაგია.
საქართველოში ლიდერ გუნდებს 3-4 მილიონი ევრო რომ ჰქონდეს, დანარჩენებს კი 1-1,5 მილიონი, იმდენად ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, ძალიან ბევრს მივაღწევთ.“