„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გამოაქვეყნა კვლევა, სახელწოდებით „კორუფცია საქართველოში“
საქართველოში კვლავ იშვიათია წვრილმანი კორუფცია, თუმცა გამოწვევად რჩება კორუფციის უფრო კომპლექსური ფორმები და კორუფციის ისეთი შემთხვევების გამოძიება, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 1%-ს ჰქონია ბოლო 12 თვის განმავლობაში ისეთი შემთხვევა, როდესაც მათ ან მათი ოჯახის წევრებს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ ქრთამის გადახდა მოსთხოვეს, რაც გასულ წლებში ჩატარებული მსგავსი გამოკითხვების მონაცემების იდენტური შედეგია.
რაც შეეხება ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მიზნებს, კვლევის მიხედვით, რესპონდენტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ასეთი ქმედება გავრცელებულია, მიიჩნევენ, რომ მისი მიზანია ოჯახის წევრების, ნათესავებისა და ახლობლების დასაქმება (92%), საკუთარი ან ახლობლების ბიზნესის მფარველობა (90%), ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა (81%), სხვადასხვა საქმის მოგვარების სანაცვლოდ ქრთამის აღება (60%).
გამოკითხულთა უმრავლესობა (57%) ასევე ფიქრობს, რომ გავრცელებული ან ძალიან გავრცელებულია თანამდებობის პირებთან დაკავშირებული კომპანიებისთვის უპირატესობის მინიჭება სახელმწიფო შესყიდვების პროცესში.
გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ არ ხდება კორუფციის შემთხვევების სათანადოდ გამოძიება მაშინ, როდესაც საქმე მაღალი თანამდებობის პირებს ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან ადამიანებს ეხება.
ამასთან, კორუფციული საქმეების გახსნის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი პროკურატურას აქვს. 2015-2017 წლებში პროკურატურაში შესული 1,273 საქმიდან მხოლოდ 47 – 3.7% გაიხსნა.
გამოკითხულთა 41% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ხელისუფლება, როგორც წესი, ხელს აფარებს კორუფციაში ჩართულ პირებს, ხოლო 37% ფიქრობს, რომ მთავრობა, როგორც წესი, ამხელს ასეთ პირებს.
კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) 2020 წლის 27 თებერვლიდან 18 მარტამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 1763 ადამიანი გამოიკითხა. კვლევის საშუალო ცდომილება 2.2%-ია.