„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს. ცვლილებები ეხება უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონმდებლობით შემოდის გადაწყვეტილების დასაბუთებისა და გასაჩივრების წესი, ასევე დისკუსიის საგანია გადაწყვეტილების ღიაობის საკითხი.
მისივე თქმით, ამ მიმართულებებზე კანონპროექტში მეორე მოსმენის რეჟიმში ცვლილება იგეგმება.
„ამ ცვლილებების არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზუსტდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის წესი იუსტიციის უმაღლესი საბჭოში. კერძოდ, საკითხი შეეხება როგორც დასაბუთების საკითხს, ასევე კანდიდატების მიერ გასაჩივრების საკითხს, ასევე კენჭისყრის ღიაობის საკითხის დაზუსტებასაც. სამი ძირითადი საკითხია, რომელიც ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებშიც არის ასახული. ამიტომ იქნა გადაწყვეტილება მიღებული „ქართული ოცნების“ გუნდის რამდენიმე წევრის მხრიდან ამ ცვლილების ინიცირების. ამ საკითხებს ჩვენ კონსულტაციის რეჟიმში გავდივართ. სტრატეგიულ პარტნიორებთან იყო რამდენიმე შეხვედრა, პოზიციები დავაახლოვეთ. თითქმის შეჯერებული პოზიციებია, თუმცა ჯერ კიდევ გავდივართ საბოლოო კონსულტაციის პროცესს, ამიტომ დღეს უკვე პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით წარმოადგენს მომხსენებელი ამ საკითხს. იმ შემთხვევაში, თუ ამ საკითხზე კენჭისყრა მოესწრება, შესაძლებელია ასევე მესამე კენჭისყრაც ჩატარდეს დღეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მესამე მოსმენა უკვე გადაიდება 28 სექტემბრის კვირაში, როდესაც გათვალისწინებულია პლენარული სხდომების კვირა”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.