საერთო სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტურს აფასებს
საერთო სამოქალაქო მოძრაობამ „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების მეორე ტური შეაფასა. ორგანიზაციის ექსპერტების განცხადებით, არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა.
„მრავალეროვანი საქართველო“ ძირითადად ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ საარჩევნო ოლქებს აკვირდებოდა. მათი განცხადებებით, მეორე ტური კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. ორგანიზაცია განაგრძობს საარჩევნო ოლქებში არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს, მათ შორის შემაჯამებელი ოქმების შესწავლას.
„საარჩევნო ოლქებში სადაც, „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, სულ ასეთი იყო შვიდი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა. ამასთან, მეორე ტური კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დაფიქსირდა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზების ფაქტები, ასევე რიგ შემთხვევებში უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის და მათ შესახებ მონაცემების შეგროვების ფაქტები. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლები პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით აფიქსირებდნენ შენიშვნებს და საარჩევნო კომისიის თანამდებობის პირებს, თავმჯდომარეებს მოუწოდებდნენ დარღვევების აღმოფხვრისაკენ. ძირითადად კომისიის წევრები დარღვევებს ითვალისწინებდნენ და ასწორებდნენ დაფიქსირებულ დარღვევებს. ამ ეტაპზე „მრავალეროვანი საქართველო“ განაგრძობს არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის დაკვირვებას, რომელიც ასევე მოიცავს შემაჯამებელი ოქმების შესწავლას. ძირითადი მიგნებები თუ შევეხებით, მაგალითად უბნების გახსნის ეტაპს, დილის შვიდი საათიდან რვა საათამდე ხარვეზების გარეშე წარიმართა უბნების მოწყობისა და გახსნის პროცესი, ყველა უბანი, სადაც ჩვენი დამკვირვებლები დაკვირვებას ახორციელებდნენ მზად იყვნენ პირველი ამომრჩევლების მისაღებად. ჩვენი დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნებზე კომისიის ათი წევრი იყო წარმოდგენილი და დაცული იყო კოვიდ უსაფრთხოების ზომები.
რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესს, ზოგადად მშვიდ ვითარებაში ჩატარდა. ჩვენი დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა ჩვენი დამკვირვებლის მუქარის და დაშინების ერთი ფაქტი, საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვის ერთი ფაქტი, უბნებზე ამომრჩევლების მობილიზება ხმის მიცემის მიზნით ერთი ფაქტი, რომელიც რამოდენიმე უბანს მოიცავს და რომელიც ერთ ადგილას მდებარეობდა. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის სამი ფაქტი. არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის ერთი ფაქტი, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის მცდელობის ერთი ფაქტი, სხვის ნაცვლად კენჭისყრაში მონაწილეობის მცდელობის ერთი ფაქტი. რაც შეეხება უშუალოდ ხმების დათვლას და შედეგების შეჯამებას აქ ერთ ერთ უბანზე, ეს არის რუსთავის 22 უბანი, როდესაც ადგილი ჰქონდა უშუალოდ არჩევნების დასრულებისას ჩასატარებელი პროცედურების, ანუ უბანზე ჩასატარებელი პროცედურების პროცესის წესების უგულებელყოფას საარჩევნო ყუთების გახსნამდე“, – განაცხადა ლელა ტალიურმა.