საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო საზოგადოება საქართველოში ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციული მოპყრობის აღმოფხვრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადება შედგენილია საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი კოორდინატორის, ევროკავშირის, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთისა და დიდი ბრიტანეთის ელჩების, ამერიკის შეერთებული შტატების მისიის ხელმძღვანელისა და ევროპული საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მიერ. განცხადების ტექსტი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გამოვხატავთ მხარდაჭერას და ვუცხადებთ სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტ+) საზოგადოებას.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს ყველა ფორმის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის ნიშნით. გარდა ამისა, რატიფიცირებული იქნა ადამიანის უფლებათა არაერთი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ისევე კრძალავს დისკრიმინაციას ლგბტ+ თემის მიმართ, როგორც რასის, სქესის, რელიგიის, ან პოლიტიკური რწმენის საფუძველზე იკრძალება დისკრიმინაციული მოპყრობა. ამასთანავე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, საქართველო სხვადასხვა უმცირესობათა წარმომადგენელების უფლებების დაცვის ვალდებულებასაც იღებს.
ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებები თვალსაჩინოა.
აღსანიშნავია, უკანასკნელ წლებში მიღწეული პროგრესიც ადამიანის უფლებათა დაცვის არეალის გაფართოების მიმართულებით. მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და დეპარტამენტის მიერ სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთა დაუსჯელობის აღმოფხვრის მიზნით გატარებული სამუშაოები.
თუმცა, ლგბტ+ თემის ყოველდღიური რეალობა, ხშირად, შორსაა სამართლებივი გარანტიებისაგან. ლგბტ+ ადამიანები საქართველოში ყოველდღიურად განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას, ღირსების შემლახავ მოპყრობას, ხდებიან სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი. ამით ირღვევა არა მარტო მათი ფუნდამენტური უფლებები, არამედ ხდება თემის წევრების საზოგადოებიდან გარიყვა და მათი მოწყვლადობის გაზრდა.
ლგბტ+ თემის წევრების უფლებრივი მდგომარეობა აღბეჭდილია როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო ინსტიტუტების ანგარიშებში. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის თანახმად, ლგბტ+ თემის წარმომადგენლები დისკრიმინირებულნი არიან სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. 2018 წელს გაეროს დამოუკიდებელმა ექსპერტმა აღნიშნა, რომ „ძალადობა (ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური) და დისკრიმინცია ლგბტ+ პირების წინააღმდეგ საქართველოში ფართოდაა გავრცელებული“. ასევე, ევროპის საბჭოს ევროპული კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ 2016 წლის მოხსენებაში საქართველოს შესახებ დაფიქსირებულია სიძულვილის ენისა და ძალადობის არსებობა ლგბტ+ თემის მიმართ.
მსგავსი დასკვნები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციებს.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს განახორციელონ მტკიცე ქმედებანი, რათა კანონით გარანტირებული თანასწორობა იქცეს რეალობად და თითოეულმა ადამიანმა საქართველოში, მათ შორის ლგბტ+ ადამიანებმა, შეძლონ საკუთარი უფლებების გამოყენება. ამ კონტექსტში აღვნიშნავთ, რომ კულტურული, რელიგიური თუ მორალური შეხედულებები, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ იზიარებს უმრავლესობა, ვერასდროს იქნება ადამიანის უფლებების შელახვის გამართლება. სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, მოვუწოდებთ, შეიქმნას ყოვლისმომცველი სტრატეგია, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ტოლერანტობის სწავლებაზე გაკეთდება. დაბოლოს, მოვუწოდებთ, უზრუნველყოფილ იქნეს ლგბტ+ ადამიანების მიერ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუბრკოლებლად გამოყენება.
ჩვენ, როგორც საქართველოს მეგობრები, გამოვთქვამთ მზადყოფნას, ადამიანის უფლებათა დაცვის ვალდებულებების შესრულებასა და მრავალფეროვნების ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში, დავეხმაროთ პროცესის ყველა მონაწილეს: საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, პოლიტიკურ ლიდერებს, რელიგიურ და სათემო ხელისუფლებებს, სამოქალაქო საზოგადოებას და ფართო საზოგადოებას. და, მდგრადი განვითარების მიზნების სულისკვეთებასთან თანხვედრით, მართლაც, „არავინ დავტოვოთ ყურადღების მიღმა“, – აღნიშნულია განცხადებაში.