საერთაშორისო სავალუტო ფონდში ადასტურებენ, რომ ფინანსური მხარდაჭერის პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო
საერთაშორისო სავალუტო პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ფონდში დაუდასტურეს.
„ვადასტურებთ, რომ პროგრამის მეორე მიმოხილვა გადაიდო. მიმდინარეობს მოლაპარაკებები’’, – განაცხადეს სავალუტო ფონდის საქართველოს მისიაში.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია (სსფ) საქართველოში 27 აპრილიდან 11 მაისამდე იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი საქართველოში სავალუტო ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის შეფასება იყო.
11 მაისს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და სსფ-ს მისიას შორის მიღწეულია შეთანხმება ეკონომიკური პოლიტიკის ღონისძიებებზე, საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) მეორე მიმოხილვის დასასრულებლად. ფონდის მისიის ფარგლებში, საქართველოს მაკროეკონომიკური პარამეტრები დადებითად შეფასდა.
პროგრამის გადადებასთან დაკავშირებით საქართველოს პირველი არხი ელოდება ეროვნული ბანკის განმარტებასაც.