სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10 პროცენტით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის გათვალისწინებით
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მისიის მიზანი ქვეყნის ეკონომიკაში და საფინანსო სექტორში მიმდინარე პროცესების და რეფორმების პროგრესის შეფასება იყო.
სსფ-ს მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებაზე ისაუბრა.
მისი შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მაღალი, 10-პროცენტიანი ტემპით გაიზარდა, უკრაინაში რუსეთის ომისგან მომდინარე უარყოფითი გავლენის შეზღუდული ეფექტის, ტურიზმის სწრაფი აღდგენის, ომთან დაკავშირებული მიგრანტების და ფინანსური ნაკადების შემოდინების და ტრანზიტული ვაჭრობის ზრდის გათვალისწინებით. ამ გარემოებათა ერთობლიობამ ხელი შეუწყო საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას, შეამცირა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, შესაძლებელი გახადა სავალუტო რეზერვების დაგროვება და ლარის გამყარება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ანგარიშის მიხედვით, ინფლაციის საერთო მაჩვენებელი 2022 წლის მეორე ნახევრიდან შენელდა, რასაც სასაქონლო ფასების კლებამ, ლარის გამყარებამ და კრედიტის ზრდის ტემპის შენელებამ შეუწყო ხელი.
„ეს, თავის მხრივ, უკავშირდება წინა პერიოდებში პოლიტიკის განაკვეთის ზრდას, მაკროპრუდენციულ ღონისძიებებს და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებას. მაშინ, როდესაც ინფლაცია სებ-ის მიზნობრივ მაჩვენებელზე ბევრად მაღალ დონეზე ნარჩუნდება, ძირითადი ინფლაცია და ინფლაციის მოლოდინები იანვარში ძლიერი შიდა მოთხოვნისა და საცხოვრებლის ქირის ზრდის გამო გაიზარდა, რაც, დიდწილად, მიგრანტების შემოდინებამ გამოიწვია“, – განაცხადა ჯეიმს ჯონმა.
ამასთან, მისიის ხელმძღვანელმა საქართველოს ხელისუფლებას და კოლეგებს მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს ეროვნული ბანკის კანონში ცვლების შეტანის მიზნით გადადგმული ბოლოდროინდელი ნაბიჯები, რომლებიც ცვლის საქართველოს ეროვნული ბანკის მართვის სტრუქტურას, თავდაუზოგავი შრომით მოპოვებული სანდოობის დაკარგვის რისკს ქმნის. სებ-ის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი ცვლილება დაკვირვებულ მიდგომას საჭიროებს და შინაარსობრივი კონსულტაციების საფუძველზე უნდა განხორციელდეს, რაც ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობას და სანდოობას უზრუნველყოფს.
გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს ხელისუფლებას და სხვა კოლეგებს სტუმართმოყვარეობისა და პროდუქტიული დისკუსიებისთვის. სსფ-ს მისია შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გვენეტაძეს, ფინანსთა მინისტრს, ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, დავითაშვილს, სხვა მაღალი თანამდებობის პირებს, კერძო სექტორისა და დონორთა წარმომადგენლებს. ჩვენ მოუთმენლად ველით დიალოგის გაგრძელებას მომავალ თვეებში საქართველოში სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიკური რეფორმების პროგრამის მეორე მიმოხილვის კონტექსტში“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.