სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელი - დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა
დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომელიც საქართველოში იმყოფება.
ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდეგ, საქართველოში იმატა ტურიზმიდან შემოსავლებმა, ომით გამოწვეულმა იმიგრაციამ და ფინანსური ნაკადების შემოდინებამ, ასევე, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობამ.
სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის ცნობით, მაღალი გაურკვევლობის პირობებში, ინფლაციის შემცირების გონივრული პოლიტიკა, ფისკალური და სავალუტო ბუფერების გაძლიერება და სტრუქტურული რეფორმების წინ წაწევა განამტკიცებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და გააძლიერებს ეკონომიკის მდგრადობას.
„პროდუქტიული განხილვების შედეგად, საქართველოს ხელისუფლება და სსფ-ის მისია, საქართველოში სსფ-ის მხარდაჭერით მიმდინარე პროგრამის პირველი მიმოხილვის დასრულებაზე შეთანხმდნენ. ტექნიკურ დონეზე, ეს შეთანხმება სსფ-ის ხელმძღვანელობის დასტურის შემდეგ, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს განსახილველად ამა წლის დეკემბერში წარედგინება. ამ მიმოხილვის დასრულების შემდეგ საქართველოსთვის 30 მილიონი SDR (დაახლოებით 38 მილიონი აშშ დოლარი) ხდება ხელმისაწვდომი.
2022 წელს თვალნათელი იყო საქართველოს ეკონომიკის სიძლიერე, რადგანაც, დღეის მდგომარეობით, უკრაინაში ომის უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე ადრე მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდა. პანდემიიდან სწრაფი აღდგენის შემდეგ, ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომით გამოწვეული იმიგრაციისა და ფინანსური ნაკადების შემოდინების ზრდამ, ასევე, საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის ზრდამ, ქვეყნის ეკონომიკისა და ფისკალური შემოსავლების მატება განაპირობა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და ლარი გააძლიერა და სავალუტო რეზერვების დაგროვებას ხელი შეუწყო. დაკრედიტების ზრდა შენელდა, თუმცა ინფლაცია კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, სასაქონლო ჯგუფებზე ჯერ კიდევ მაღალი ფასებისა და ძლიერი შიდა მოთხოვნის გამო“, – აღნიშნა ჯეიმს ჯონმა.