გუდაური და ბაკურიანი მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებენ
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით, გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად უმასპინძლებენ. 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები ბაკურიანში – მოგულსისა და სქი კროსის, ხოლო გუდაურში სნოუბორდ ქროსის დისციპლინებში ჩატარდება. გუდაური და ბაკურიანი, როგორც მსოფლიო თასის ეტაპების მასპინძლები, უკვე მონიშნულია FIS-ის კალენდარში.
ჩასატარებელი მსოფლიო თასის ეტაპების ფარგლებში, გუდაურსა და ბაკურიანს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მაღალი რანგის დელეგატები ეწვევიან, რომლებიც კონკრეტულ საშეჯიბრო არეალებს შეარჩევენ.
საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს „ბაკურიანი 2023“ ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება საქართველოსადმი, სწორედ ამიტომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო, კონკრეტულად კი, გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვედრილიყნენ, ისეთ წამყვან ქვეყნებს შორის, როგორებიც არიან: შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია, ნორვეგია, აშშ, კანადა და სხვა.
„საქართველო პირველად გახდება საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წლის კალენდრის ნაწილი. საქართველოში, ბაკურიანსა და გუდაურში, მიმდინარე წლის ბოლოდან ჩატარდება მსოფლიო თასის სამი შეჯიბრი. ჩვენ კიდევ ერთხელ შევძლებთ, წარმატებით ვუმასპინძლოთ ასეთ მნიშვნელოვან სპორტულ მოვლენას. ამასთან, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია, საქართველო და მისი მთის კურორტები არაერთხელ მოხვდება საერთაშორისო მედიის თვალსაწიერში და ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთხელ დაანახებს მსოფლიოს, რამდენად წარმატებით შეუძლია ასეთი მასშტაბური ღონისძიების მაღალ დონეზე ჩატარება. ეს საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ საქართველოში სამთო-სათხილამურო კულტურა, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.