საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ბიზნესსექტორს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის საარბიტრაჟო პრაქტიკას აცნობს
საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი ბიზნესსექტორს უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის საარბიტრაჟო პრაქტიკას აცნობს

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) ბიზნესსექტორს უცხოელ ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობისას არბიტრაჟის კუთხით გასათვალისწინებელ პრაქტიკას აცნობს.

ღონისძიებას სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი კომპანიები და პალატის საბჭოს წევრი, 36 უმსხვილესი ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებსაც აქვთ ბიზნესურთიერთობები უცხოელ პარტნიორებთან, ხშირად უწევთ მათთან ხელშეკრულების დადება და სამართლებრივ ურთიერთობებში შესვლა.

ღონისძიება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა გახსნა. მიმდინარეობს სემინარი თემაზე დავების გადაწყვეტის მექანიზმის შერჩევა უცხოელ ბიზნესპარტნიორთან და პროცესის წარმოება (საუკეთესო მიდგომა და პრაქტიკული რჩევები);

ღონისძიების ფარგლებში დავების გადაწყვეტის მექანიზმის მნიშვნელობასა და არსს განიხილავენ, ასევე საუბარი შეეხება საარბიტრაჟო შეთანხმების შედგენისას გასათვალისწინებელ ფაქტორებს. სემინარი დისკუსიის ნაწილსაც მოიცავს. ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ არბიტრაჟის ინსტიტუტთან და საარბიტრაჟო პრაქტიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე კითხვები დასვან და პრობლემური საკითხის შემთხვევაში გამოსავლის გზებზე იმსჯელონ.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატამ 2013 წელს დააფუძნა. იდეა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე გაჩნდა. ორგანიზაციის შექმნამდე ამ საკითხზე აქტიურად იმუშავეს პალატისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ასევე, საარბიტრაჟო ცენტრის შექმნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი სამუშაო ჯგუფმა ითამაშა, რომელიც როგორც სახელმწიფო უწყებების, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებისგან შედგებოდა. საქმიანობის განხორციელების პროცესში საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი სავაჭრო-სამრეწველო პალატისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელია.