საერთაშორისო რეზერვების შევსების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა 2018 წელს 197.5 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა
ეროვნული ბანკი 2018 წელს საერთაშორისო რეზერვების შევსების პოლიტიკას განაგრძობდა, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშშია აღნიშნული, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე დღეს პარლამენტში. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარადგენს.
ანგარიშში მითითებულია, რომ ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური დონე ასევე წარმოადგენს საგარეო შოკებისადმი ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობის მნიშვნელოვან მაჩვენებელს, განსაკუთრებით მაღალი დოლარიზაციის ქვეყნებში და ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელია.
დოკუმენტის თანახმად, 2018 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ინტერვენციები მხოლოდ უცხოური ვალუტის შესყიდვის მიმართულებით ხორციელდებოდა და აღნიშნული ინტერვენციების მიზანი საერთაშორისო რეზერვების შევსება იყო.
„სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის მიერ ინტერვენციების განხორციელების ინსტრუმენტს სავალუტო აუქციონების მექანიზმი წარმოადგენდა.
ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის განმავლობაში ინტერვენციები მხოლოდ საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების მიმართულებით განხორციელდა და მთლიანმა შესყიდვამ 197.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის 2018 წლის ანგარიშში.