საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ
საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.
მედიასაშუალების ცნობით, ორგანიზაციის შვიდი ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი ამბობს, რომ ორგანიზაციამ ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება, რომელიც თანამშრომლებზე ზრუნვას გულისხმობს. ისინი დირექტორს, პატრისია მორეირას ადანაშაულებენ, რომ მან ხელი შეუწყო ორგანიზაციის შიგნით ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ადგილი ჰქონდა ბულინგსა და კრიტიკული ხმების გაჩუმებას.
როგორც „გარდიანი“ აღნიშნავს, ამ განცხადებებს გავრცელებული შიდა მიმოწერა და სხვა დოკუმენტები ადასტურებს.
„ტრანსფერენსი ინთერნეიშენალი“ გავლენიანი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციაა, რომელიც წარმოდგენილია 100-ზე მეტ ქვეყანაში. „გარდიანი“ ინფორმატორებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერლინში მდებარე ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შიდა სამუშაო გარემო სულ უფრო ემსგავსება გამჭვირვალობას მოკლებულ და ავტორიტარულ ორგანიზაციებს, რომელთა გამოსააშკარავებლადაც თავად „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალი“ მუშაობს.
„გარდიანთან“ ინტერვიუში ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი ორგანიზაციაში არსებულ სტრესულ გარემოზე საუბრობს, რომლის გამოც, მისი თქმით, წონაში დაიკლო. ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელების მხრიდან ბულინგის ობიექტები იყვნენ, იხსენებენ, რომ მათ სამსახურიდან დათხოვნით ემუქრებოდნენ, დავალების შესასრულებლად ზოგჯერ არარეალურ ვადებს აძლევდნენ და მგზავრობაზე შეზღუდვებს უწესებდნენ. ინფორმატორები აღნიშნავენ, რომ ხელმძღვანელობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა ორგანიზაციაში სისტემატურ ბულინგთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების თხოვნას რეაგირება არ მოჰყოლია.
თავის მხრივ, „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალის“ დირექტორმა, პატრისია მორეირამ „გარდიანთან“ საუბრისას განაცხადა, რომ თანამშრომლების კეთილდღეობა ორგანიზაციის პრიორიტეტია.
ასევე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის მაისში ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მკვლევარმა თავი მოიკლა, რასაც უფლებადამცველი ორგანიზაციების მხრიდან თანამშრომლებისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით ფართო საზოგადოებრივი დისკუსია მოჰყვა.
ამასთან, ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების მიერ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, 22 აგვისტოს „ტრანსფერენსი ინთერნეიშენელის“ დირექტორთა საბჭომ გადაწყვიტა, ჩაატაროს დამოუკიდებელი გარე გამოძიება ბერლინის ოფისში შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება ორგანიზაციამ ეთიკის კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.