საერთაშორისო ორგანიზაცია „მშვიდობის ფონდის“ სახელმწიფოებრივი სიმტკიცის 2024 მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია სამი ადგილით გაიუმჯობესა
საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ, „მშვიდობის ფონდმა“ frigle States index 2024 წლის შედეგები გამოაქვეყნა. ინდექსი მსოფლიოს 179 ქვეყანაში სახელმწიფოებრივი სიმტკიცის შეფასების სარეიტინგო მაჩვენებელია, სადაც ქვეყნები განლაგებულია ყველაზე მყიფედან მტკიცე ქვეყნებამდე თანმიმდევრობის პრინციპით.
სახელმწიფოებრივი სიმტკიცის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია სამი ადგილით გაიუმჯობესა და 69,3 ქულითა და 82-ე ადგილით ახალი საუკეთესო ისტორიული შედეგი დააფიქსირა.
ინდექსის შეფასება 12 ძირითად ინდიკატორს ეფუძნება: უსაფრთხოება, ელიტური დანაწევრება, საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილება, ეკონომიკა, ეკონომიკური უთანაბრობა, პრობლემური ემიგრაცია, სახელმწიფოებრივი ლეგიტიმაცია, საჯარო სერვისები, ადამიანის უფლებები, დემოგრაფიული წნეხი, ლტოლვილები და დევნილები, საგარეო ინტერვენცია.
2024 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს სარეიტინგო პოზიცია 31 საფეხურით არის გაუმჯობესებული. 2012 წლის რეიტინგში საქართველო სახელმწიფოებრივი მოწყვლადობით 51-ე ადგილზე იყო 50 ყველაზე არამდგრად სახელმწიფოთა მიჯნაზე და თავდაპირველ, 2006 წლის ინდექსთან შედარებით, პოზიცია ცხრა ადგილით ჰქონდა გაუარესებული.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგის სათავეში ყოფნა ყველაზე არამდგრადობაზე მიუთითებს, რეიტინგის ბოლოში კი ყველაზე მტკიცე სახელმწიფოები არიან. რაც შეეხება წლევანდელ რეიტინგს, 2024 წლის მყიფე ქვეყნების რეიტინგში პირველ, მეორე და მესამე პოზიციაზე სომალი, სუდანი და სამხრეთ სუდანი არიან, ხოლო ყველაზე მდგრადი ქვეყნების სამეული ნორვეგია, ფინეთი და ისლანდიაა, შესაბამისად, 179-ე, 178-ე და 177-ე სარეიტინგო ადგილებზე.
„მშვიდობის ფონდი“ ტრანსეროვნული კვლევითი ცენტრია, რომლის შტაბბინაც ვაშინგტონში მდებარეობს. ორგანიზაცია სახელმწიფოთა მდგრადობის გლობალურ გამოკვლევას 2006 წლიდან აწარმოებს.