საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტოკიოს ოლიმპიადაზე ჟურნალისტთა ქცევის წესები გამოაქვეყნა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გამოაქვეყნა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჟურნალისტებისა და ფოტოგრაფების ქცევის წესების პირველი ვერსია. წესები საკმაოდ მკაცრია. კომიტეტმა აიღო კურსი ჟურნალისტების რაოდენობის შემცირებაზე და 50 პროცენტით შეამცირა პრეს-ცენტრებში ადგილების ოდენობა. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა წინასწარ უნდა შეადგინონ ტოკიოში ყოფნისა და გადაადგილების გეგმა – მათ უნდა დაჯავშნონ ადგილები ყველა ტურნირზე და თან არ ექნებათ გარანტია, რომ მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ასევე უნდა მიუთითონ ყველა ადამიანის ვინაობა, ვისთანაც კონტაქტს აპირებენ და ყველა ადგილი, სადაც ყოფნა მოუწევთ. აკრძალული ექნებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა. ასევე ეკრძალებათ სასტუმროს დატოვება სპეციალური ნებართვის გარეშე. ერთადერთ ადგილად, სადაც შეზღუდვების გარეშე ექნებათ წვდომა, მთავარი პრესცენტრი რჩება.
თუმცა, ეს არ არის ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის მიერ დაწესებული ყველა შეზღუდვა. წესებში აღნიშნულია:
თითოეულმა ჟურნალისტმა, რომელიც ოლიმპიადაზე დასწრებას აპირებს, ორი კვირით ადრე თავის ტელეფონში უნდა გადმოწეროს იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული აპლიკაცია COCOA და ყოველდღიურად ანგარიში ჩააბაროს თავისი ჯანმრთელობის შესახებ.
თამაშებზე ჟურნალისტები დაიშვებიან მხოლოდ იმ პირობით, თუ მათ ხელთ ექნებათ კორონავირუსზე უარყოფითი ტესტი, რომელიც ჩატარებული უნდა იყოს იაპონიის მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტებით.
იაპონიაში გამგზავრებამდე, ჟურნალისტი ვალდებულია წარმოადგინოს იაპონიაში 14 დღე ცხოვრების დეტალური განრიგი. მასში მითითებული უნდა იყოს ყველაფერი – ყველა საკონტრაქტო პირი და ყველა ადგილი, სადაც მოხვედრას აპირებს. ამასთან, ასეთი ადგილების სია ძალიან შეზღუდულია – სასტუმრო და სპორტული ობიექტები. მათ აკრძალული ექნებათ ტურისტულ ზონებში, მაღაზიებში, რესტორნებში, სპორტულ დარბაზებში, კინოთეატრებში და სხვა ადგილებში შესვლა. ასევე აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა სპეციალური ნებართვის გარეშე. სასტუმროს დატოვება მხოლოდ ოლიმპიურ ობიექტებზე გამგზავრებისთვისა და წინასწარ შეთანხმებული ადგილების მონახულებისთვის შეეძლებათ.
თავად სპორტულ ობიექტებზე აკრძალულია სპორტსმენებთან ორ მეტრზე ახლოს მისვლა. ერთმანეთთან ერთი მეტრი დისტანცია უნდა დაიცვან. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მიანიშნა, რომ სპორტსმენებთან კავშირი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი. თუ ამგვარი კონტაქტი მაინც იქნება, მხოლოდ სოციალური დისტანციის დაცვით და სახის დამცავი ეკრანებით. პრესკონფერენციის დუბლირება ონლაინ-ფორმატში მოხდება.
ასევე აღნიშნავენ, რომ პრესის ყველა წარმომადგენელი რეგულარულად შემოწმდება კორონავირუსზე. ინფექციის გამოვლენის შემთხვევაში, ჟურნალისტი მოთავსდება 14-დღიან კარანტინში. შეზღუდვები შეეხებათ იმათაც, ვინც ჟურნალისტმა თავის ახლო კონტაქტებში მიუთითა.
აღსანიშნავია, რომ წესების დახვეწა გაგრძელდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ცვლილებასთან ერთად. შემდეგ ვერსიას აპრილში გამოაქვეყნებენ, საბოლოოს – ივნისში.