საერთაშორისო კვლევა - სამ წელიწადში საქართველოში მოსწავლეების ცოდნის დონე გაუარესდა
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის (PISA) ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2015-დან 2018 წლამდე პერიოდში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოსწავლეების ცოდნის დონის მაჩვენებელი გაუარესდა.
კერძოდ, კვლევის თანახმად, 2018 წელს კითხვაში მოსწავლეებმა 380 ქულა მიიღეს, 2015 წელს კი, ეს მონაცემი 401 იყო. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი კი 487-ია.
რაც შეეხება მათემატიკას, ამ მიმართულებით საქართველოს 398 ქულა აქვს, წინა წელს კი, 404 ჰქონდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მაჩვენებელი არის 489.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში საქართველოს მაჩვენებელია 383, წინა, 2015 წლის კვლევის თანახმად კი, ეს მონაცემი 411-ს შეადგენდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის საშუალო მაჩვენებელი 489-ს შეადგენს. ბოლო სამწლიანი კლების მიუხედავად, 2009-2019 წლის პერიოდში სამივე ამ მიმართულებით საქართველოს მოსწავლეებმა პროგრესი აჩვენეს.
PISA -ს კვლევა 2000 წლიდან ტარდება და ამოწმებს 15 წლის მოსწავლეთა ცოდნას სამ სფეროში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. კვლევა ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. საქართველო აღნიშნულ პროგრამაში, როგორც პარტნიორი ქვეყანა, 2009 წლიდან ჩაერთო.