საერთაშორისო კონფერენციას „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ ირაკლი კობახიძე გახსნის
საერთაშორისო კონფერენციას „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ ირაკლი კობახიძე გახსნის

11-12 თებერვალს საერთაშორისო კონფერენცია „პარლამენტის როლი უსაფრთხოების სექტორში“ გაიმართება, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახსნის.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი.

მონაწილეები საქართველოს წინაშე უსაფრთხოების მხრივ არსებულ ახალ გამოწვევებზე იმსჯელებენ და ქვეყნის უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაუმჯობესების გზებს განიხილავენ.

საქართველოს პარლამენტის წევრები მოისმენენ ექსპერტთა მოსაზრებებს საკითხთა ფართო სპექტრის შესახებ. მათ შორის, ჰიბრიდული ომის, კიბერუსაფრთხოების, რადიკალიზების, მიგრაციის, ქალებისა და უსაფრთხოების, სახელმწიფო საიდუმლოებისა და სადაზვერვო სააგენტოების საქმიანობის მონიტორინგთან დაკავშირებით არსებულ გამოწვევებზე.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, თავდაცვისა და უსაფრთხოების, იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების წევრები და აპარატის თანამშრომლები; ნორვეგიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ელჩი კნუტ ვოლებეკი, აშშ-ის სამხედრო ძალების ევროპული სარდლობის საზღვაო დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის ყოფილი დირექტორი, კონტრადმირალი ნორმან ჰეიზი, არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი ინსტიტუტებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ევროკავშირის მიერ საქართველოში უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების ხელშეწყობა“ მხარდაჭერით გაიმართება.