საერთაშორისო გამოცემები საქართველოს მონაწილეობით სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურებიან
საერთაშორისო გამოცემები საქართველოს მონაწილეობით სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნების საკითხს ეხმაურებიან. ნიდერლანდების ქალაქ ჰააგაში არსებული „commonspace.eu“-ის მიხედვით, ქართველი და ამერიკელი დიპლომატების ჩართულობით, რთული დიპლომატიური მოქმედებებით სომხეთმა და აზერბაიჯანმა ჰუმანიტარული ხასიათის „გაცვლა“ განახორციელეს. შედეგად, 15 სომეხი ტყვის სანაცვლოდ, ოფიციალურმა ბაქომ აღდამის რაიონში დანაღმული ტერიტორიების შესახებ (97 000 ერთეული ნაღმი) რუკა მიიღო.
ფრანგული გამოცემა „Le Figaro“-ს მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილი შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, აზერბაიჯანმა სომხეთისგან დანაღმული ტერიტორიების შესახებ რუკა მიიღო, საპასუხოდ კი ოფიციალური ბაქოს მიერ დატყვევებული 15 სომეხი სამხედრო დაბრუნდა სამშობლოში.
ესპანური „europapress.es“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ ჰუმანიტარული ქმედების განხორციელების საქმეში ისინი აფასებენ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით.
შვედური „Svenska Dagbladet“-ის ცნობით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის განხორციელებული „გაცვლა“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოდროინდელი მოლაპარაკებების შედეგია. მასალაში მითითებულია, რომ მოლაპარაკებებს ხელი შეუწყო ეუთო-მ შვედური თავმჯდომარეობით, ასევე ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და მისმა თანაშემწემ ფილიპ რიკერმა.
პოლონეთის ტერიტორიაზე მოქმედი დამოუკიდებელი ბელარუსული ტელეკომპანია „Belsat TV“, აგრეთვე პოლონური გამოცემები „polskie radio25“, „wnp.pl“, „aktualnosci24“, „Tvn24“ და „Kresy.pl“-ც ეხმაურებიან სომეხი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებას და მიუთითებენ, რომ ეს ქმედება საქართველოს აქტიური ჩართულობით მოხერხდა.
თურქული გამოცემები „Hurriyet.com“, „Sozcu.com“ და „Anadolu“ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ციტირებენ, სადაც ოფიციალური ბაქო მადლობა უხდის საქართველოს ხელისუფლებას ამ ჰუმანიტარული აქტის განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის.
საკითხის მნიშვნელობას ეხმიანება არგენტინული „La Nacion“-იც, რომლის ინფორმაციით, 15 სომეხი სამხედრო ტყვის გაცვლა ქართველი წარმომადგენლების მედიაციით მოხერხდა.