არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ აჭარაში გაჭიანურებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ანგარიში მოამზადა.
ორგანიზაციამ ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეისწავლა და გადაამოწმა, როგორ ხორციელდება ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სხვადასხვა დროს დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში.
არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, ხუთი შესწავლილი ობიექტიდან ორის მშენებლობა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში დაიწყო, თუმცა არც ერთი მათგანი ამ დრომდე ექსპლუატაციაში მიღებული არ არის.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2016 წლის 16 მარტს, ბათუმის მრავალფუნქციური რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი. მშენებლობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებულ შპს „სტადიონს“ 2018 წლის 18 მაისს უნდა დაესრულებინა, თუმცა დასრულების ვადამ 2018 წლის 31 აგვისტომდე, შემდეგ კი, 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაიწია. ანგარიშის თანახმად, შპს „სტადიონის“ დირექტორის, ზურაბ ჭურკვეიძის განცხადებით, შეფერხების ერთ-ერთი მიზეზი პროექტში არსებული უზუსტობები გახდა, რის გამოც კომპანიამ დასკვნის მოსამზადებლად ექსპერტი დაიქირავა. როგორც კვლევაში წერია, საავადმყოფოს მშენებლობა აჭარის მთავრობას 25 მილიონ ლარზე მეტი უჯდება. „საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველოს“ ანგარიშის მიხედვით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში დაიწყება პროექტის მიღება-ჩაბარების პროცედურები, თუმცა ამ დრომდე გაურკვეველია, დაზუსტებით რა თანხა დასჭირდება საავადმყოფოს ტექნიკურ აღჭურვას.
„ამ ეტაპზე საუბარია დაახლობით 35 მილიონ ლარზე – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის ბიუჯეტში ამისთვის თანხა გამოყოფილი არ არის, არც საქართველოს მთავრობას სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2019 წლის პროგრამაშია ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის თანხა გათვალისწინებული. ეს პროგრამა მთავრობამ 2019 წლის 28 იანვარს დაამტკიცა, ცვლილებები კი, 14 მაისს იქნა შეტანილი. ამ სახელმწიფო პროგრამისთვის, რომელიც სხვადასხვა კლინიკის აღჭურვასა და რეაბილიტაციას ითვალისწინებს, 20 მილიონი ლარია გათვალისწინებული“,- აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
ამასთან, კვლევაში საუბარია ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის შესახებ. ანგარიშის თანახმად, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე განცხადება 2012 წელს საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა, ამავე წელს აჭარის მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტიდან ერთი მილიონი ლარი მიიღო პროექტის დასაწყებად. საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების” გამარჯვების შემდეგ, სტადიონის მშენებლობის პროექტი შეჩერდა. განახლების საკითხი დღის წესრიგში 2015 წლიდან დადგა. აჭარის მთავრობამ სტადიონს ადგილმდებარეობა შეუცვალა და ბიუჯეტი 157 მილიონ ლარამდე გაზარდა. 2018 წლის იანვრიდან სტადიონის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ანაგმა” დაიწყო, მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 117 მილიონი ლარი გამოიყო.
„მიუხედავად ასეთი დანახარჯებისა, აჭარის მთავრობის ოფიციალური განმარტებით, სტადიონი, ინფრასტრუქტურული მახასიათებლების საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობის გამო, ვერ უმასპინძლებს ისეთ საერთაშორისო საფეხბურთო ფინალურ მატჩებს, როგორიცაა „უეფას“ ლიგების და ევროპის ჩემპიონატის ფინალური თამაშები. თავდაპირველად, სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადად 2020 წლის სექტემბერი განისაზღვრა, თუმცა, ბოლო მონაცემებით, ეს ვადა 2020 წლის 15 ოქტომბრამდე გადაიდო“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, კვლევაში მითითებულია, რომ 2012 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალი პროექტის – ქობულეთის სასპორტო კომპლექსის მშენებლობის შესახებ განაცხადეს. სპორტკომპლექსის მშენებლობისთვის 3 მილიონ 55 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2012 წელს გამოიყო, როდესაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობას „ნაციონალური მოძრაობის” წევრები წარმოადგენდნენ. ტენდერში კომპანია „ქეთურინამ” გაიმარჯვა. მასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სამშენებლო სამუშაოები 2013 წლის 16 აგვისტოს დაიწყო. მშენებლობა 18 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, დღეს მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ პროექტი ხარვეზიანი იყო. 2014 წელს, სამუშაოების დაწყებიდან რამდენიმე თვეში, მშენებელმა კომპანიამ კონტრაქტის გაწყვეტა თავად მოითხოვა და ხელშეკრულება საბოლოოდ 15 აპრილს შეწყდა. შეჩერებული მშენებლობის გასაგრძელებლად ქობულეთის მუნიციპალიტეტმა 2016 წლის 6 მაისს სასპორტო კომპლექსის შესწორებული პროექტი ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნა, საიდანაც დადებითი დასკვნა მიიღო.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ განუცხადა, რომ პროექტი მხოლოდ მას შემდეგ გაგრძელდება, რაც ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებით გადაწყდება, მშენებლობა გაგრძელდეს კომპანია „გზა XXI-ის” (ყოფილი შპს „ქეთურინა”) მიერ აშენებულ საძირკველზე თუ უნდა გამოინახოს ახალი ტერიტორია. მუნიციპალიტეტში აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ვადას ვერ ასახელებენ, შესაბამისად, გაურკვეველია, როდის ექნება ქობულეთს ახალი კომპლექსი.
კვლევა მოიცვა მახუნცეთში საზაფხულო თეატრის პროექტიც. ანგარიშის მიხედვით, ქედის მერიამ 2017 წლის 7 აპრილს ტურისტულად მიმზიდველ სოფელ მახუნცეთში საზაფხულო თეატრის ასაშენებლად 185 ათასი ლარის ხელშეკრულება შპს „ახალშენს“ გაუფორმა. თეატრი მზად უნდა ყოფილიყო 2017 წლის შემოდგომაზე, მაგრამ პროექტში შეტანილი ცვლილებებისა და სამუშაოების განმახორციელებელი კომპანიის მიმართვების გამო, ხელშეკრულებაში ცვლილებები ხუთჯერ შევიდა და მშენებლობის დასრულების ვადად 2018 წლის 30 მარტი განისაზღვრა. პროექტი ვერც ამ ვადაში დასრულდა.
როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ქედის მერმა, ლევან გორგილაძემ განუცხადა, პროექტი მხოლოდ მას შემდეგ დასრულდება, რაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მახუნცეთის განაშენიანების გეგმაზე დაასრულებს მუშაობას. მისივე ინფორმაციით, თეატრი და მიმდებარე ტერიტორია ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის თანხებით კეთილმოეწყობა. რაც შეეხება ტენდერში გამარჯვებულ „ახალშენს”, მერის მოადგილის, როლანდ ბერიძის თქმით, კომპანია შეუსრულებელი პირობების გამო დაჯარიმდა. ქედის მერიაში არ იციან, რამდენი დაუჯდება ადგილობრივ და ავტონომიურ ბიუჯეტს თეატრის დასრულება, რაზეც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 185 ათასი ლარი უკვე დაიხარჯა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევაში საუბარია ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალ შენობაზეც. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წლის 18 ოქტომბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აჭარის მთავრობის ინიციატივით, საძირკველი ჩაეყარა ქობულეთის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის მშენებლობას. კომპანია „ვექტორს“ მშენებლობა, რომლისთვისაც საერთო ჯამში 1 600 000 ლარი გამოყო აჭარის მთავრობამ და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 2018 წლის ივნისში უნდა დაესრულებინა. თუმცა, სამუშაოების დასრულების სავარაუდო თარიღმა 2018 წლის დეკემბერში გადაიწია. მთლიანობაში ხელშეკრულებაში ცვლილებები შვიდჯერ შევიდა. საბოლოოდ, სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტს კომპანიასა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ხელი 2018 წლის 30 ნოემბერს მოეწერა, თუმცა ინსტიტუტის ახალი შენობა ამ დრომდე არ გახსნილა.