„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კრიტიკული ტელევიზიის ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას დასჯით სასამართლომ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
„ვეხმაურებით დღეს, 16 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიასა და მასთან დაკავშირებული პირების მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს. ნიკა გვარამია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და საბოლოო სასჯელის სახედ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა სამი წლითა და ექვსი თვის ვადით.
საქმის მასალების შესწავლისა და პროცესზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა. მედიის ცენზურისა და დაშინებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც. ამასთან, აღნიშნული განაჩენი გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნისა, რომელსაც სახელმწიფო ოპონენტების წინააღმდეგ წლებია, აწარმოებს.
აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და სახალხო დამცველის მიერ სასამართლოში წარდგენილი სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) ორი მოსაზრება. ამასთან, უნდა ითქვას, რომ ეს არ არის ნიკა გვარამიას დევნის პირველი ფაქტი. ნიკა გვარამია ხშირად საუბრობდა მისი მოსყიდვის, დაშინების მცდელობის, მის მიმართ განხორცილებული შანტაჟისა და ოჯახის წევრების თვალთვალის ფაქტზე.
ბოლო პერიოდში, კრიტიკული მედიასაშუალების დამფუძნებლებისა თუ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლის საქმეებით, 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებისთვის პასუხისმგებლობის დღემდე არდაკისრების, ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორებისა და მათი საქმიანობის ხელშეშლის ფაქტების გახშირებითა და არაეფექტიანი გამოძიების წარმოებით ცხადი ხდება, რომ კრიტიკული მედიასაშუალებების საქმიანობა საშიში გახდა.
წლებია, მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიზება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას და ევროპული ინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებას წარმოადგენს. რთული წარმოსადგენია, იმ ფონზე, როდესაც საქართველომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი წარადგინა და გადაწყვეტილების მიღების მოლოდინშია, ხელისუფლებას არ ჰქონდეს წარმოდგენილი ის დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მის ბოლო პერიოდის რიტორიკას, მედიაგარემოს გაუარესებისა და კრიტიკული მედიასაშუალების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შეიძლება, მოჰყვეს. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ მმართველი პარტიისა და მთავრობის ბოლო პერიოდის რიტორიკა და კონკრეტული ქმედებები მიზანმიმართულია იმისაკენ, რომ საქართველომ ევროკავშირის მხრიდან დადებითი პასუხი არ მიიღოს“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა, კახაბერ დამენიას 50 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, ზურაბ იაშვილი კი გაამართლა.