„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - გამოკითხულთა 53 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საქართველოში სასამართლოს ნდობა დაბალია, – ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსახლეობის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ. სასამართლო სისტემაში შექმნილი ვითარების შესაცვლელად კი, გამოსავალს უმეტესობა სისტემის ახალი მოსამართლეებით დაკომპლექტებაში ხედავს.
აღნიშნული განწყობები გამოკვეთა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დაკვეთით 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მიერ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულმა 2087 ადამიანის გამოკითხვამ, რომლის საშუალო ცდომილება 2,3 პროცენტს შეადგენს.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქვეყანაში არსებული ინსტიტუტებიდან სასამართლოს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნდობის მაჩვენებელი აქვს.
„საქართველოში მოსახლეობის 53 პროცენტი ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 50 პროცენტს მიაჩნია, რომ სასამართლო არ არის სამართლიანი“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციაში.
ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ საზოგადოების 43 პროცენტის აზრით, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. მათგან 87 პროცენტი ფიქრობს, რომ მოსამართლეთა კლანი მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერით სარგებლობს, ხოლო 94 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კლანის წევრებმა სასამართლო სისტემა უნდა დატოვონ.
გამოკითხვამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობის (83 პროცენტი) აზრით, სასამართლოში არ უნდა მუშაობდნენ ის ადამიანები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ.
„იმ პირობებში, როდესაც სასამართლო სისტემისადმი საზოგადოების ნდობა დაბალია, საინტერესოა რაში ხედავს გამოსავალს თავად მოსახლეობა. გამოკითხვის თანახმად, ყველაზე მეტი (46 პროცენტი) ადამიანი ფიქრობს, რომ ნდობის გასაზრდელად სასამართლო სრულიად ახალი მოსამართლეებით უნდა დაკომპლექტდეს, ხოლო 41 პროცენტი ფიქრობს, რომ ხელისუფლება აღარ უნდა ერეოდეს სასამართლო სისტემაში“, – ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.