„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 56 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით ერთი ქულით მეტია. წარსულში 56 ქულა ქვეყანას სამჯერ – 2017, 2019 და 2020 წლებში ჰქონდა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნულია, რომ რეიტინგში შემავალ 180 ქვეყანას შორის საქართველო 41-ე ადგილს იკავებს.
„„კორუფციის აღქმის ინდექსში“ ქვეყნის შედეგის ერთი ქულით ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ ითვლება. საქართველოს შემთხვევაში, ქულა 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა (იხ. გრაფიკი),[1] რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანას კორუფციის წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეიტინგში საქართველოს შედეგი, ძირითადად, განპირობებულია წვრილმანი მექრთამეობის დაბალი დონით, თუმცა ამავდროულად კვლავაც გამოწვევად რჩება ელიტური კორუფცია და მის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკური ნების არარსებობა. იმის გათვალისწინებით, რომ ინდექსში 100 ქულა კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალ, ხოლო 0 ქულა – ყველაზე მაღალ დონეს აღნიშნავს, 56 ქულა საშუალო მაჩვენებელია. მაგალითისთვის, საუკეთესო შედეგის მქონე 10 ქვეყნის ქულები 80-ს აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ნამდვილად უსწრებს ევროპის რამდენიმე ქვეყანას, თუმცა, ამავე დროს, მთელი 10 ქულით ჩამორჩება ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებელს (66)“, – ნათქვამია გამოქვყნებულ ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, „უფრო მნიშვნელოვანი და საგანგაშოა ინდექსში საქართველოს მიერ მიღებული ქულის თანმდევი ანალიზი, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება“.
„მიუხედავად იმისა, რომ 56 ქულით საქართველო რეგიონში ლიდერია, ეს წარსულში წვრილმანი მექრთამეობის აღმოფხვრით არის განპირობებული; ქვეყანა CPI-ში 2012 წლიდან სტაგნაციას განიცდის. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში, რომელიც ოდესღაც რეგიონში ანტიკორუფციული ჩემპიონი იყო, ამჟამინდელი ხელისუფლება, ფაქტობრივად, კლავს ყველანაირ იმპულსს ამ პრობლემის წინააღმდეგ საბრძოლველად. მმართველმა პარტიამ – „ქართულმა ოცნებამ“, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება. მაგალითად, ბოლო წლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მონიტორინგმა გამოავლინა სავარაუდო მაღალი დონის კორუფციის ათობით შემთხვევა, რომლებიც გამოუძიებელი რჩება; ამ შემთხვევების შინაარსი და მასშტაბი, რაოდენობა და ზრდის დინამიკა იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს, როდესაც სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ხელისუფლების წარმომადგენლები აგრესიულ რიტორიკას მიმართავენ კორუფციის მხილებით დაკავებული სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. აქტივისტების წინააღმდეგ დისკრედიტაციის ბოლოდროინდელმა კამპანიებმა გააჩინა ეჭვი, რომ პარლამენტმა, შესაძლოა, რუსეთში მოქმედი უცხოური აგენტების მსგავსი კანონი მიიღოს, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული. 2022 წლის ივნისის გადაწყვეტილებაში, საქართველოსთვის არ მიენიჭებინა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ევროკავშირმა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ უმოქმედობა დაასახელა. გადაწყვეტილებას წინ შეფასების პროცესი უძღოდა, რომლის საბოტაჟი, ბევრის აზრით, მთავრობამ თავად მოახდინა რუსეთის დასამშვიდებლად. საბოლოო ჯამში, ევროკავშირმა ქვეყანას წევრობის პერსპექტივა შესთავაზა, რის წინაპირობადაც 12 პრიორიტეტი დაასახელა – მათ შორის ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა, რომელმაც ქვეყნის „დეოლიგარქიზაციას“ უნდა შეუწყოს ხელი. მთავრობამ გამოაცხადა სააგენტოს შექმნის შესახებ, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ნაკლოვანია, რადგან ის არ მოიცავს სააგენტოს საკმარის დამოუკიდებლობას და მისთვის საგამოძიებო უფლებამოსილების მინიჭებას“, – ნათქვამია ანგარიშში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ „ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის დაწესებული 12 პრიორიტეტის შესრულება დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ვითარების გამოსასწორებლად და ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ რეალური ნაბიჯების გადასადგმელად“.
„შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ 2023 წელი 12 პრიორიტეტით გათვალისწინებული თითოეული რეფორმის ზედმიწევნით შესასრულებლად უნდა გამოიყენოს. აუცილებელია: დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება; გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი, პარლამენტის როლი; საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია; განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა. ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებული კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული მდგომარეობის შეფასებას შეიცავს. 2022 წლის ინდექსში საქართველოს ქულა შემდეგ კვლევებს ემყარება: ბერტელსმანის ფონდის ტრანსფორმაციის ინდექსი, მსოფლიო სამართლის პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსი, „გლობალ ინსაითის“ ქვეყნების რისკის რეიტინგი, „ფრიდომ ჰაუსის“ ტრანზიციული ქვეყნების კვლევა, პროექტი „დემოკრატიის ვარიაციები“, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ბიზნესის ხელმძღვანელ პირთა აზრის გამოკითხვა“, – ნათქვამია ანგარიშში.