„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი აცხადებს, რომ პირადობის მოწმობების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე პირდაპირი მტკიცებულებები არ აქვთ. ამის შესახებ ლევან ნატროშვილმა „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ჩვენ მტკიცებულებები, როგორც ასეთი, რომ გვქონოდა, პირდაპირ გადავცემდით პროკურატურას. ჩვენ ვსაუბრობთ სავარაუდო გაყალბების ფაქტზე და არა მტკიცებით ფორმატში, რომ ეს იყო მომხდარი და შემდგარი ფაქტი, ვინიადან რეალურად ჩვენი ინფორმაცია ეფუძნება იმ წყაროს მიერ მოწოდებულ ცნობებს, რომელიც მუშაობს ამ კონკრეტულ უწყებაში, სერვისების განვითარების სააგენტოში. ჩვენთვის არის სანდო ადამიანი. ის გავშალეთ ეს თემა ასე დეტალურად, რაც ვიცოდით, ყველაფერი ვთქვით, მაგიტომ დავასახელეთ სახელი და გვარი, რათა დაიწყოს საქმის გამოძიება და დადგინდეს, აქვს თუ არა ადგილი მსგავსი ტიპის ქმედებებს სერვისების განვითარების სააგენტოში და მათ ტერიტოიულ ერთეულებში. სხვა მტკიცებულებები სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს“, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
სამი არასამთავრობო ორგანიზაციის – „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებით, გასულ კვირას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დასაქმებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ სააგენტოს მიერ სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მათ არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს.