საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო - ელექტრომობილები ნავთობზე მოთხოვნას შეამცირებენ
ნავთობზე მოთხოვნა 2040 წლისთვის ელექტრომობილების რაოდენობის ზრდის გამო პროგნოზირებულზე მეტად შემცირდება, თუმცა მსოფლიო შესაძლოა, ნავთობის დეფიციტის წინაშე დადგეს, თუ ამ სექტორში საკმარისი მოცულობის ინვესტიციები არ ჩაიდო. ასეთ დასკვნას საერთაშორიო ენერგეტიკული სააგენტო 2018 წლის მსოფლიო ენერგეტიკის წლიურ მიმოხილვაში აკეთებს.
სააგენტოს მიხედვით, 2025 წლამდე ნავთობზე დღიური მოთხოვნა ყოველწლიურად საშუალოდ 1 მილიონი ბარელით გაიზრდება, 2025 წლიდან 2040 წლამდე კი, ზრდა მხოლოდ 250 ათასი ბარელი იქნება. ნავთობზე მოთხოვნის ზრდა პიკს 2040 წელს მიაღწევს და დღეში 106.4 მილიონი ბარელამდე ავა.
სააგენტოს მიხედვით, 2040 წლისთვის მსოფლიოს გზებზე 300 მილიონი ელექტრომობილი იმოძრავებს, რაც ნავთობზე მოთხოვნას დღეში 3.3 მილიონი ბარელით შეამცირებს. გასული წლის პროგნოზით ეს დანაკარგი უფრო მცირე, 2.5 მილიონი ბარელი იყო.
ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ძირითადად განვითარებადი ეკონომიკები განაპირობებენ, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ხოლო განვითარებულ ქვეყნებში ეს მოთხოვნა 2040 წლამდე წელიწადში დაახლებით 400 ათასი ბარელით შემცირდება.
სააგენტოს პროგნოზით, 2040 წლისთვის მსოფლიო ავტოპარკის მოცულობა 80 პროცენტით გაიზრდება და 2 მილიარდ ავტომობილს შეადგენს.
ნავთობის მიწოდების ზრდის კუთხით, 2025 წლისთვის დომინანტი აშშ იქნება, რომელიც მიწოდებას დღეში 5.2 მილიონი ბარელით გაზრდის. ამის შემდეგ სააგენტო აშშ-ის ნავთობის წარმოების შემცირებას ელოდება. ამის საპირისპიროდ, გლობალურ მიწოდებაში გაიზრდება ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების კარტელის, „ოპეკის“ წილი და 2040 წლისთვის მსოფლიო მიწოდების 45 პროცენტამდე ავა – დღეს კარტელი მსოფლიოს 30 პროცენტს ამარაგებს.
სააგენტოს ანალიზი აჩვენებს, რომ ნავთობის მოპოვებაში აუცილებელია საკმარისი რაოდენობის ინვესტიციები ჩაიდოს და ნავთობის მოპოვების არსებული პროექტები ფაქტობრივად გაორმაგდეს. სხვანაირად შესაძლოა, ნავთობის მიწოდების დეფიციტი გაჩნდეს.