საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi წელს, 3-8 მაისს მეექვსედ ჩატარდება
საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi წელს, 3-8 მაისს მეექვსედ ჩატარდება

საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი – CinéDOC-Tbilisi წელს, 3-8 მაისს მეექვსედ ჩატარდება.

CinéDOC-Tbilisi არის პირველი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი სამხრეთ კავკასიაში, რომლის მიზანი დოკუმენტური კინოს პოპულარიზაციაა.

წლევანდელი გამოშვების სლოგანია: ჩაუღრმავდი რეალობას. მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, მსოფლიოს სხავადასხვა ქვეყნიდან და საქართველოდან 60-ზე მეტი დოკუმენტური ფილმი იხილოს, უნიკალური სარეჟისორო ხედვით, ორიგინალური სტილით, საინტერესო ისტორიებითა და პერსონაჟებით.

წელს სტუმარი ქვეყნის სექციაში წარმოდგენილი იქნება რუმინული დოკუმენტური კულტურა და კინოინდუსტრია.

CinéDOC-Tbilisi ისეთ საერთაშორისო სტუმრებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან ვილანდ შპეკი (Berlinale), ლენა პასანენი (DOK Leipzig-ის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი), რეჰად დესაი, საერთაშორისო ემის მფლობელი და რეჟისორი ფილმისა „დახვრეტილი მეშახტეები“ და ბოგლარკა ნაგი (საუკეთესო პროგრამერის ნომინაციაში გამარჯვებული, 2017 წლის Europa Cinemas Awards-ის მფლობელი) და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება: სამუშაო შეხვედრები, მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები ახალგაზრდა რეჟისორებისა და პროდიუსერებისთვის.

წელს მესამედ ტარდება CivilPitch ინიციატივა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს საშუალებას აძლევს, იპოვონ დაინტერესებული რეჟისორები/პროდიუსერები და მათი დახმარებით შექმნან დოკუმენტური ფილმები სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე.

CineDOC-Tbilisi წელს შემდეგ კინოთეატრებსა და სივრცეებში გაიმართება: ამირანი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის დარბაზი, ქოლგა და გოეთეს ინსტიტუტი.

ფესტივალის პროგრამა სულ მალე იქნება ხელმისაწვდომი.