საერთაშორისო დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საქართველოში მყოფმა საერთაშორისო დამკვირვებლებმა არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარი მოხსენების წარდგენისას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრეს.
საერთაშორისო დამკვირვებლები წუხილს გამოთქვამენ, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცათ.
„გულდაწყვეტით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ვერ მონაწილეობდნენ ამ არჩევნებში“, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა რასა იუკნიავიჩენემ.
„ძალზე განვიცდი რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო მმართველების გადაწყვეტილებაზე, ჩაეკეტათ ადმინისტრაციული საზღვრები. ამან საშუალება არ მისცა საქართველოს ბევრ მოქალაქეს, საკუთარი ნება გამოეხატა“, – განაცხადა ევროპარლამენტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაიმა ანდრიაკინემ.
რედისონში ეუთოს (OSCE), დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PACE), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) და ევროპარლამენტის (EP) საერთაშორისო დამკვირვებლები, არჩევნების ჩატარების შესახებ წინასწარი მოხსენება წარადგინეს.