საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა
საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებენ, რომ სერბეთში ჩატარებულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ პარტიას არასამართლიანი უპირატესობა ჰქონდა. ამის შესახებ განცხადება ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, რაინგოლდ ლოპატკამ გააკეთა.
„საპარლამენტო არჩევნები იყო ტექნიკურად კარგად ორგანიზებული და სთავაზობდა ამომრჩევლებს პოლიტიკურ ალტერნატივებს, თუმცა პროცესი ხასიათდებოდა პრეზიდენტის გადამწყვეტი მონაწილეობით, რასაც თან ერთვოდა მმართველი პარტიის სისტემური უპირატესობა. ამან ერთობლივად შექმნა არასამართლიანი პირობები“, – აცხადებს ლოპატკა.
დამკვირვებლების თქმით, მათ ასევე დააფიქსირეს სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის შემთხვევები.
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის შემდეგ უკვე მეხუთედ გაიმართა. ოფიციალური წინასწარი შედეგების მიხედვით, გაიმარჯვა მმართველმა „სერბეთის პროგრესულმა პარტიამ“, რომელსაც ამომრჩეველთა 46,72%-ი მიემხრო. მემარცხენე ცენტრისტულi პარტია „სერბეთი ძალადობის წინააღმდეგ“ მეორე ადგილზე გავიდა 23,56%-ით, ხოლო მესამე ადგილი სოციალისტურმა პარტიამ დაიკავა 6,56%-ით.
ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციონერთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა და ვადამდელი არჩევების ჩატარება მოითხოვა.