საერთაშორისო დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა - ვნახეთ მოწესრიგებული და დაუბრკოლებელი პროცესი იმ უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით, ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
ვნახეთ მოწესრიგებული და დაუბრკოლებელი პროცესი იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით, ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მოწვეულმა საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, ხუან ეფრაინ როჩამ განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ არჩევნებში არის პროცესი იყოს დემოკრატიული, რაც გულისხმობს, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი. როგორც საერთაშორისო ჯგუფის წევრმა, შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენ ვნახეთ მოწესრიგებული და დაუბრკოლებელი პროცესი იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ვიმყოფებოდით. ჩვენ მოვინახულეთ სამი უბანი თბილისში, ასევე ვიყავით ახალციხეში. თუ დეტალებზე ვისაუბრებთ, უნდა აღვნიშნო, რომ ახალციხეში ყველაზე მეტი ამომრჩეველი იყო. თუმცა, მიუხედავად ამისა, ვითარება იყო მშვიდი და ჩვენ ხელს არავინ გვიშლიდა. ვერაფერი ვნახეთ ისეთი, რაც დარღვევაზე მიანიშნებდა.
ამასთან, ეს არ გამორიცხავს, რომ სხვა უბნებზე, სადაც არ ვყოფილვართ, შესაძლოა, ასეთი შემთხვევები იყო. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სადაც ვიმყოფებოდით, ყველაფერი იყო წესრიგში და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლები საკუთარ საქმეს პროფესიონალურად უდგებოდნენ.
ასევე, უნდა აღინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული მთვლელები პირველად გამოიყენეს ამ არჩევნებზე, ყველამ იცოდა, რას აკეთებდა. ამომრჩევლებს ამ ელექტრონული მანქანების გამოყენებაში საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები ეხმარებოდნენ. ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი სწორად გაკეთდა.
თბილისში დავესწარით უბნების დახურვას. უნდა აღინიშნოს, რომ ამ უბანზე იყო ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი. ამ უბანზეც ყველაფერი წესრიგში იყო. საერთო ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“, – აღნიშნა ხუან ეფრაინ როჩამ.