„საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ ფორმალურად აღარ არსებობს
„საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ ფორმალურად აღარ არსებობს. აშშ-ის და ნატო-ს მიერ შეთანხმების ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 2 აგვისტომდე იყო მიცემული.
დასავლეთი რუსეთისგან რაკეტა „ისკანდერ ემ“-ის განადგურებას ითხოვდა.
ნატო-ში აცხადებენ, რომ აღნიშნულ რაკეტას ბირთვული იარაღის გადატანა და ევროპის ქალაქებამდე შეუძლია მიღწევა.
„მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული ძალების შეთანხმება“, რომლეიც აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, 500-დან 5500 კილომეტრამდე მოქმედ ბირთვულ და არაბირთვულ რაკეტებს კრძალავდა. 1991 წლისთვის, მხარეებმა 2 700 რაკეტა გაანადგურეს. „მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი ხელშეკრულების დასრულებაზე“ – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ „საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ „ფორმალურად მკვდარია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმებიდან ვაშინგტონის გასვლის ბოლო ვადად 2 აგვისტო განსაზღვრა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არ შეასრულებდა.
გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ შეთანხმების გაუქმება ბალისტიკური რაკეტებისგან შექმნილ საფრთხეს უფრო მეტად გაზრდის. სამხედრო ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ისტორიული შეთანხმების ჩამოშლამ აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს შორის შესაძლოა ახალი გამალებული შეიარაღება გამოიწვიოს.
„საერთაშორისო ბირთვული ძალების შეთანხმება“ ათწლეულების განმავლობაში შეიარაღების კონტროლის ქვაკუთხედი იყო. 2007 წელს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ შეთანხმება რუსეთის ინტერესებს აღარ ემსახურებოდა.
2014 წელს, ხმელეთზე ბაზირებული საკრუიზო რაკეტის გამოცდის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაქ ობამა რუსეთის ხელშეკრულების დარღვევაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან ახალ ხელშეკრულებაზე სურს მოლაპარაკება, რომელიც ძველს ჩაანაცვლებს და შესაძლოა სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს.