საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია - აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავიაიერიშების შედეგად 1 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა
აშშ-ის მიერ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ წარმოებული ავიაიერიშების შედეგად 1 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია იუწყება.
ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კოალიციამ 2014 წლის შემდეგ სირიასა და ერაყში სულ 34 502 ავიაიერიში განახორციელა.
განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებს ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ბრიტანული ცენტრი. მათი ცნობებით, 2014 წლის შემდეგ წარმოებული ანტიტერორისტული კამპანიის ფარგლებში ავიაიერიშების შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების რიცხვი 13 ათასს აღწევს.
სირიასა და ერაყში აშშ-ის ხელმძღვანელობით მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ისლამურმა სახელმწიფომ“ ახლო აღმოსავლეთის ორ ქვეყანაში ტერიტორიების დიდი ნაწილი დაიპყრო.
დაკავებულ ტერიტორიებზე ტერორისტული დაჯგუფება ათასობით ადამიანს სიკვდილით სჯიდა და სასტიკ მმართველობას ამყარებდა.
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრები ახლო აღმოსავლეთის რეგიონსაც ცდებოდნენ და საერთაშორისო მასშტაბით რიგ ტერორისტულ თავდასხმებს ახორციელებდნენ.