სადისტრიბუციო კომპანიების დიდმა მანქანებმა შესაძლოა, ქალაქში მხოლოდ ღამის საათებში იმოძრაონ
თბილისის მერის კახა კალაძისა და შს მინისტრის შეხვედრის მთავარი თემა დედაქალაქში საცობების დარეგულირება იყო. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, მხოლოდ მერიის ჩართულობა ამ საკითხში საკმარისი არ არის.
„საცობები ძალიან დიდი პრობლემას წარმოადგენს, შესაბამისად, ჩვენ შსს-ს გარეშე ამ პრობლემას ვერ მოვაგვარებთ და ფონს ვერ გავალთ. დაგეგმილი გვაქვს რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარება. მერიამ „თბილსერვისს“ უკვე დაავალა, უახლოეს ხანში წარმოადგინოს ნარჩენების გატანის გეგმა. აუცილებელია განსაკუთრებით ღამის საათებში მოხდეს ეს, რადგან არ შეიზღუდოს მოძრაობა დღის განმავლობაში“,- აღნიშნა კალაძემ.
მისივე ინფორმაციით, საუბარია სადისტრიბუციო კომპანიებთან მოლაპარაკებებზე, რათა დღის განმავლობაში არ მოხდეს დიდი მანქანების შემოსვლა ქალაქში.
„ასევე დიდ პრობლემას ქმნიან სატვირთო მანქანები და ყვითელი მიკროავტობუსები, რომლებიც ყველგან აჩერებენ. გამოყოფილი იქნება კონკრეტული ქუჩები, სადაც მხოლოდ გაჩერებებზე ექნებათ გაჩერების უფლება“,- განაცხადა მერმა.
კალაძის თქმით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეითად მოსიარულეების საკითხი, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან.
„ქვეითად მოსიარულეები, რომლებიც “ზებრა” გადასასვლელებზე არ გადადიან, საფრთხეში აგდებენ თავიანთ სიცოცხლესაც და მძღოლებსაც სერიოზულ პრობლემას უქმნიან. ამაზე განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული და ტყუილა არ არის, რომ ჩვენ დავიწყეთ მიწისქვეშა გადასასველების მოწესრიგება“,- აღნიშნა კალაძემ.