სადღესასწაულო ღონისძიების გამო, პირველი რესპუბლიკის მოედანთან ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება
თბილისის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ღონისძიების გამო, 22:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანთან გზის რამდენიმე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება.
თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისა და კოსტავას ქუჩისკენ მოძრავი ტრანსპორტი გაივლის სასტუმრო „რედისონთან“ მდებარე პანდუსს, მობრუნდება ჯავახიშვილის ქუჩაზე (ყოფ. ელბაქიძის დაღმართი), საიდანაც გზას რუსთაველის გამზირზე განაგრძობს.
„სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში ღონისძიებების დასრულებისთანავე აღდგება. ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას მონიტორინგს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები გაუწევენ“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.