სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კერძო დაზღვევის საშუალებაც მისცეს
სადაზღვევო კომპანიები სახელმწიფოს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის ბენეფიციარებს კერძო დაზღვევის საშუალებაც მისცეს

კერძო სადაზღვევო კომპანიები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებს მისცეს საშუალება, სახელმწიფოსთან ერთად, კერძო სადაზღვევო პოლისითაც ისარგებლონ. ამის შესახებ განცხადება დღეს საქართველოს სადაზღვეო კომპანიების ასოციაციამ გააკეთა.

სადაზღვევო ასოციაცია და კერძო სადაზღვევო კომპანიების ხელმძღვანელები დადებითად აფასებენ ღონისძიებებს, რაც გარკვეული კატეგორიის მოსახლეობისთვის იაფი წამლებით უზრუნველყოფას მოიცავს, თუმცა მათი აზრით, ეს საკმარისი არ არის, ამიტომ პირველ ეტაპზე კერძო სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის, შესთავაზოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ყველა ბენეფიციარს შემავსებელი/დაშენებული პროდუქტები რომელიც:

ა) დააფინანსებს მედიკამენტებს;
ბ) დააფინანსებს ამბულატორიული მომსახურებას სრულყოფილად, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევებს (საყოველთაოთი იფარება მხოლოდ საბაზისო ამბულატორია და შეზღუდული დიაგნოსტიკა);
გ) დააფინანსებს ჰოსპიტალურ მომსახურებას სრულად – (საყოველთაო პროგრამა მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს ჰოსპიტალურ მომსახურებას);
დ) დააფინანსებს სტომატოლოგიას (რაც საერთოდ არ იფარება საყოველთაო პროგრამით).​

საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, კერძო სადაზღვევო მექანიზმების ამოქმედების შემთხვევაში, ჯიბიდან გადახდები მედიკამენტებზე მკვეთრად დაიკლებს, რადგანაც კომპანიების ექსპერტების მხრიდან გაკონტროლდება ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიზნობრიობა და რაციონალურობა.

„მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების ორჯერ შემცირებაა შესაძლებელი. მედიკამენტებზე დანახარჯის მნიშვნელოვანი წილი წამლის არარაციონალური მოხმარებით არის გამოწვეული. ამის მიზეზი ნაწილობრივ თვითმკურნალობაა, თუმცა მთავარი მიზეზი ანგარებიანი ან არამიზნობრივი დანიშნულებებია, რომელიც ჯიბიდან გადახდის პირობებში უკონტროლოდ გაიცემა. დაფინანსების ინსტიტუციური სქემები იძლევა საშუალებას, გაკონტროლდეს ექიმის დანიშნულება, რათა მაქსიმალურად დაცული იყოს გაიდლაინი და არ დაინიშნოს უსარგებლო ან ზოგ შემთხვევაში, ჯანმრთელობისთვის მავნე ან უსარგებლო მედიკამენტი“, – განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

სადაზღვევო ინდუსტრიის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კერძო სადაზღვევო ინდუსტრიის სტატისტიკით, წამალზე დანახარჯი ერთ დაზღვეულზე წელიწადში საშუალოდ 60-70 ლარს არ აღემატება, რაც ეროვნულ დანახარჯზე სამჯერ ნაკლებია. მათი თქმით, ეს უპირველეს ყოვლისა იმის შედეგია, რომ კონტროლდება დანიშნულებების შესაბამისობა გაიდლაინებთან, დანერგილია ხარჯთეფექტური სქემები. მაშინ, როდესაც საერთო ეროვნული მაჩვენებლით ერთ ადამიანზე წამლის ხარჯი – 240 ლარზე მეტია, ეს კი, კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ნიშნავს იმას, რომ კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართული ადამიანი არამხოლოდ ნაკლებს ხარჯავს, არამედ მედიკამენტებს გაცილებით უფრო სწორად და ეფექტიანად მოიხმარს.

ე.წ. დაშენებული პროდუქტების მიწოდებას მოსახლეობის 40%-ისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2017 წლის მაისიდან ზღუდავს. კერძო სადაზღვევო სექტორი მიიჩნევს, რომ დაახლოებით მილიონ-ნახევარ ადამიანს არ აქვს საშუალება, ჯანდაცვაზე დანახარჯი კერძო დაზღვევის დახმარებით შეიმსუბუქოს.

ჯანდაცვის სამინისტრომ, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სპეციალური პროგრამა 2017 წელს დაიწყო.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 23 დასახელების მედიკამენტზე წვდომა სოციალურად დაუცველებსა და პენსიონერებს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეუძლიათ. პროგრამის ფარგლებში მედიკამენტები გაიაფდა დიაბეტის მქონე მოსახლეობისთვისაც. პირველი სექტემბრიდან კი პროგრამით გულსისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო პრეპარატების ფასებიც შემცირდება. ამ შემთხვევაში ეს ცვლილება პენსიონერებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეეხება.