სადამკვირვებლო მისია ENEMO-ს ხელმძღვანელი - ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ საარჩევნო პროცესის სანდოობა და ამას განვახორციელებთ საფუძვლიანი დაკვირვების ნიადაგზე
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელის“ (ENEMO) 95 აკრედიტებული დამკვირვებელი დააკვირდება. როგორც ქსელის მისიის ხელმძღვანელმა, ზლატკო ვუიოვიჩმა ქართული მედიის წარმომადგენლებთან ბრიფინგზე აღნიშნა, მათი ამოცანაა, გაიზარდოს საარჩევნო პროცესის სანდოობა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ გავზარდოთ საარჩევნო პროცესის სანდოობა და ამას განვახორციელებთ საფუძვლიანი დაკვირვების ნიადაგზე. ძირითადი გუნდის შვიდი წევრი და რვა გრძელვადიანი დამკვირვებელი იქნება განაწილებული სხვადასხვა რეგიონში, რათა საარჩევნო პროცესს დააკვირდეს. ეს დამკვირვებლები უკვე მისდევენ საარჩევნო კომისიის მიერ წარდგენილ რეგულაციებს და აკვირდებიან წინასაარჩევნო კამპანია, აგრეთვე სადავო საკითხებსაც განიხილავენ. ამასთან ერთად, „ენემო“ დამატებით 80 მოკლევადიან დამკვირვებელს გამოაგზავნის საქართველოში, რათა უშუალოდ არჩევნების დღეს დააკვირდეს. ამ ეტაპზე ამ დამკვირვებლების შერჩევის პროცესში ვართ და მათი აკრედიტაციის პროცესი მალევე დაიწყება. წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიის საფუძველზე მოხდება მათ მიერ საარჩევნო პროცესზე დაკვირვება. ისინი ყურადღებას გაამახვილებენ, საარჩევნო დღეს როგორ მოხდება კენჭისყრა და ხმების დათვლა. ჩვენი ანგარიში დაფუძნებული იქნება რეალურად ველზე მყოფი დამკვირვებლების მონოტორინგის შედეგებზე. საარჩევნო პროცესს დავაკვირდებით როგორც წინასაარჩევნო კონტექსტში, ასევე იმას, როგორ წარიმართება პროცესები პოსტსაარჩევნო პერიოდში. ძირითადი მიგნებები გამოქვეყნდება არჩევნებიდან ერთი დღის შემდეგ და ეს წინასწარი ანგარიში იქნება. საბოლოო ანგარიში არჩევნებიდან ორი თვის შემდეგ გამოქვეყნდება, რომლის ფარგლებშიც წარვადგენთ ძირითად რეკომენდაციებს. „ენემოს“ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია უკვე მესამედ აკვირდება საქართველოში საარჩევნო პროცესს. ჯამში 95 აკრედიტებული დამკვირვებელი იქნება“, – განაცხადა ზლატკო ვუიოვიჩმა.
ზლატკო ვუიოვიჩმა უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომელშიც „ენემოც“ მოხვდა, ვინაიდან, მმართველი გუნდის განცხადებით, სადამკვირვებლო ორგანიზაციაში საარჩევნო ექსპერტი ელენე ნიჟარაძეა, რომელიც 2020 წელს „სამართლიან არჩევნებს“ ხელმძღვანელობდა და ხმების პარალელური დათვლის შედეგების სკანდალთანაა დაკავშირებული.
„საერთაშორისო და ადგილობრივი მისია ერთმანეთისგან განსხვავდება. საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია გულისხმობს იმას, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში ჩართული პირი ვერ იქნება იმ ქვეყნის წარმომადგენელი, სადაც უშუალოდ საარჩევნო პროცესი ხდება. შესაბამისად ელენე ნიჟარაძე ვერ იქნება საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიაში და დამკვირვებლის როლს ვერ შეითავსებს. ელენე არ იქნება არც გრძელვადიანი და არც მოკლევადიანი დამკვირვებელი და არცერთი ძირითადი ჯგუფის წევრი. ადგილობრივი გუნდის წევრები შეიძლება, იყვნენ საქართველოს მოქალაქეები, მაგრამ ისინი არ არიან პირები, რომლებიც ანგარიშებს დაწერენ და მიგნებებს გამოაქვეყნებენ. ისინი შეიძლება, დამხმარე დამკვირვებლის როლში იყვნენ წარმოდგენილნი, მაგრამ რეკომენდაციებს არ გასცემენ. ელენე ნიჟარაძე ჩვენი მისიის ნაწილი არ არის. „ენემო“ არაერთ არჩევნებს აკვირდება საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ჩვენი მიკერძოება არც ერთხელ არ ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ. არ მინდა, ამ დებატებში შევიდე. ჩვენ გარე დამკვირვებლები ვართ, ჩვენ პროცესში მონაწილეობის მიღება და პროცესში ჩართვა არ გვინდა“, – განაცხადა ზლატკო ვუიოვიჩმა.