სახლის ყიდვა ყველაზე ძვირი გლობალურ დონეზე ჰონგ-კონგშია. ამ დასკვნამდე უძრავი ქონების მომსახურებისა და ინვესტიციების მსოფლიო ლიდერი კომპანია, ამერიკული „სიბიარი“ მივიდა, რომელმაც რიგით მეხუთე კვლევა გამოაქვეყნა.
კვლევამ საცხოვრებელი ფართების ბაზარი მსოფლიოს მასშტაბით 35 ქალაქში მოიცვა.
„სიბიარი“ უძრავი ქონების ბაზრის გლობალურ ანგარიშს მეხუთე წელია აქვეყნებს და ხუთივე კვლევაში ზედიზედ სახლების სიძვირის მხრივ ჰონგ-კონგი პირველია, მეორე ადგილს სინგაპური იკავებს, ხოლო მესამე პოზიციაზეა შანხაი.
ბოლო კვლევის მიხედვით, ზოგადად, 2019 წელს ყველაზე ძვირი უძრავი ქონების ბაზარი აზიის რეგიონშია.
ანგარიშის მიხედვით, ჰონგ-კონგში საცხოვრებელი სახლის საშუალო ფასი მიმდინარე წელს 1.2 მილიონ დოლარს აჭარბებს. საცხოვრებელ სახლებზე მაღალმა მოთხოვნამ და მწირმა მიწოდებამ უძრავი ქონების ფასი ამ ქალაქში უკვე „მიუწვდომელ“ სიმაღლემდე აიყვანა.
საცხოვრებელი ფართის ფასის მიხედვით, მსოფლიოს ათ ყველაზე ძვირ ქალაქებს შორის ჩინური ქალაქებიდან მეცხრე ადგილზე მოხვდა ჩინეთის დედაქალაქი პეკინი და ქალაქი შენჯენი მეხუთეზე.
ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე კი, ყველაზე ძვირ ქალაქად დასახელდა ვანკუვერი, სადაც საცხოვრებელი ბინის საშუალო ფასი 815 322 დოლარია. საცხოვრებელი ფართის სიძვირის მიხედვით მსოფლიოს ათეულში ვანკუვერი მეოთხე ადგილზეა.
რეიტინგის ათეულში არიან ნიუ-იორკი და ლოს-ანჟელესიც.
ლონდონი კი, მსოფლიო რეიტინგში რიგით მერვეა, მაგრამ ევროპის მასშტაბით პირველობს. ბრიტანეთის დედაქალაქში სახლის საშუალო ფასი 646 973 დოლარია.
გამოკვლეულ ქალაქებს შორის საცხოვრებელი ფართის ფასი ყველაზე იაფი აღმოჩნდა: თურქეთის ქალაქ სტამბულში, ვიეტნამის ერთ-ერთ მსხვილ ქალაქ ჰო ჩი მინსა და ტაილანდის დედაქალაქ ბანკოკში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, საცხოვრებელი ფართის ფასი ყველაზე სწრაფად ბარსელონაში, დუბლინსა და შანხაიში იმატებს.
სახლის ქირის სიძვირის მხრივ კი, მსოფლიოში ნიუ-იორკი ლიდერობს, სადაც ბინის ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 2 844 დოლარამდეა. ქირის სიძვირის მხრივ, ნიუ-იორკს აბუ-დაბი და ჰონგ-კონგი მოყვება. ორივე ქალაქში ბინის ქირა 2700 დოლარს აჭარბებს.
წლიურ დონეზე ბინის ქირა ყველაზე მაღალი მაჩვენებლით, 20 პროცენტით პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში გაიზარდა.
ქირის თვალსაზრისით, ყველაზე იაფი ქალაქებია ბანკოკი, სტამბოლი და მონრეალი.