მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 236 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოჯახები საქართველოს მასშტაბით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მიმდინარე წელს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში ჯამში 1 500-ზე მეტ იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა.