თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის გადაწყვეტილებით, სხვადასხვა მისამართზე მცხოვრებ 27 ოჯახს, რომლებსაც წლების განმავლობაში საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებდათ, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცემათ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ სოციალური პროგრამით უკვე 1 500-ზე მეტმა ოჯახმა ისარგებლა.
„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს. ამ მიმართულებით 1 500-ზე მეტ ოჯახს უკვე დავეხმარეთ. ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელიც ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო. რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. მსგავს ოჯახებს მაქსიმალურად დავეხმარებით და გვერდში დავუდგებით. ვისაც ანალოგიური, ფართების დაკანონების პრობლემა გაწუხებთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობებს, სადაც დეტალურად აგიხსნიან და მოგაწვდიან ინფორმაციას, თუ რა დოკუმენტაციაა შესაგროვებელი, რათა თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე შენობა-ნაგებობის უკანონოდ განთავსება კატეგორიულად მიუღებელია, რადგან დედაქალაქის მთავრობა სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების დასახმარებლად მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.
„კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა, რომ კატეგორიულად მიუღებელია სახელმწიფო მიწების დატაცება და შემდეგ უკანონო მშენებლობები. ჩვენ ბევრი კარგი პროგრამა გვაქვს, რომლითაც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს, იმ ადამიანებს ვეხმარებით, რომელთაც ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გვაქვს პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, ექვსი-შვიდი მილიონი ლარი იხარჯება, რათა ოჯახებს, რომელთაც სახლი არ აქვთ და სოციალურად შეჭირვებულები არიან, დავეხმაროთ და იჯარით გავიყვანოთ, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომ სახელმწიფო ქონების დატაცება და მასზე უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.