დედაქალაქის მერიის შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი ფართები კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში პირობა დავდეთ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც 10-12 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საცხოვრებელ ბინებში და ვერ ახერხებდნენ საკუთარი ფართების დაკანონებას გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემებისა დასხვადასხვა ხარვეზის გამო, დავეხმარებოდით და ხელს შევუწყობდით მათ დაკანონებაში. ახლა მინდა, გითხრათ, რომ კიდევ 87 ოჯახს დაუკანონდება საცხოვრებელი ფართი, აქედან 83 გახლავთ ნაძალადევის რაიონში, გუდამაყრის ქუჩაზე, ერთი ოჯახი – ქიზიყის ქუჩაზე, სამი კი მთაწმინდის რაიონში, ოქროყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ფართის დაკანონების მსურველებს მოუწოდა, მათი რაიონის გამგეობას მიმართონ.
„მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო იმ ოჯახებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, აუცილებლად მიმართონ იმ რაიონის გამგეობას, სადაც ცხოვრობენ. გამგეობაში ზედმიწევნით აგიხსნიან, რა დოკუმენტებია საჭირო იმისთვის, რომ თქვენი საცხოვრებელი ბინები დაიკანონოთ, ბინები, სადაც ბევრი წლის განმავლობაში ცხოვრობთ. ამ პროექტით ჩვენ უკვე 900-მდე ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს პროგრამა წარმატებულია და მის განხორციელებას განვაგრძობთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.