საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად კონკურსი გამოცხადდა.
როგორც კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, კულტურის სამინისტრომ ეს კონკურსი წელს პირველად გამოაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ჩვენი სამინისტრო ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა, მივიღეთ შენიშვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში ხელს არ უწყობს საცირკო ხელოვნებასო. სულ ბოლოს ასეთი შენიშვნა ჩვენ მივიღეთ მინისტრის საათის დროს პარლამენტში. ვინაიდან, იგივე დაინტერესებული ჯგუფები მიმართავენ ხოლმე თავიანთ წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში, ვინაიდან საბიუჯეტო წელი იწურება, ჩვენ მოვიძიეთ სხვადასხვა პროექტიდან გამოყოფილი ეკონომიები და ვაცხადებთ დღეს კონკურსს საცირკო ხელოვნების განვითარების ხელშესაწყობად. კონკურსის ბიუჯეტია 80 000 ლარია და ეს კონკურსი შეიძლება ითქვას, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, პირველად ცხადდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, კონკურსის, „ცირკის განვითარების ხელშეწყობა“, მიზანია საცირკო ხელოვნების განვითარება და პოპულარიზაცია საქართველოში მოქმედი ცირკის პროფესიული თუ სამოყვარულო დასების, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობის გზით
კონკურსის ფარგლებში მიიღება პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს პროფესიული თუ სამოყვარულო საცირკო დასების, მათ შორის – მობილური საცირკო დასები, ე.წ. შაპიტოს, ჯგუფების, დამოუკიდებელი არტისტების ხელშეწყობასა და სხვადასხვა საჭირო (შემოქმედებითი, სასწავლო და/ან მატერიალურ-ტექნიკური) ხარჯით უზრუნველყოფას.