საჩხერის მე-2 საჯარო სკოლა მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა
საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლა საერთაშორისო კონკურსზე „მსოფლიო განათლების კვირეული“ მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სკოლის დირექციას, თითოეულ პედაგოგსა და მოსწავლეს ეს დიდი წარმატება მიულოცა.
„მინდა, გულითადად მივულოცო საქართველოს სასკოლო საზოგადოებასა და საჩხერის ილია ჭავჭავაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგებს, დირექციასა და მოსწავლეებს „მსოფლიო განათლების კვირეულის“ ფარგლებში მსოფლიოს 100 წარმატებული სკოლის ჩამონათვალში მოხვედრა. თანამედროვე სკოლის მოდელი, რომელიც განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლებში ინერგება, 21-ე საუკუნის პედაგოგიური მეთოდების დანერგვას, პიროვნებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სკოლების თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ეს წარმატება საჩხერის საჯარო სკოლაში სწორედ სწავლა-სწავლების დანერგილი ინოვაციური მიდგომების, უცხო ენებისა და STEM საგნების სწავლების ეფექტიანი მეთოდის აღიარებაა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი კრიტერიუმი, რის საფუძველზეც სკოლა მსოფლიოს წარმატებულ სკოლებში მოხვდა „პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში“ მისი ჩართულობაა. პროგრამა მოსწავლეებს ზოგადი და პროფესიული განათლების ინტეგრირებულად მიღების შესაძლებლობას აძლევს და საქართველოში 700-ზე მეტ საჯარო სკოლაშია დანერგილი“, – განაცხადა მინისტრმა.
ჩხენკელის თქმით, ეს ყოველივე იმის დასტურია, რომ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმა სწორი მიმართულებით ხორციელდება და სრულ თანხვედრაშია განათლების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტთან.
„ჩვენ მსოფლიოს ვაჩვენებთ 100 საუკეთესო სკოლის გამოცდილებას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებში მაღალი ხარისხის განათლების დამკვიდრებას“ – ეს იყო 2020 წლის „მსოფლიოს განათლების კვირეულის“ მთავარი გზავნილი. ამ გზავნილის რეალობად ქცევისთვის მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საჩხერის მეორე საჯარო სკოლის თითოეულ წარმომადგენელს. სწორედ თქვენ შეძელით, აჩვენეთ და გაუზიარეთ მსოფლიოს სასკოლო განათლების საუკეთესო პრაქტიკა და საერთაშორისო ასპარეზზე გაიტანეთ თქვენი ქვეყნის სახელი“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.