საჩხერეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა, სადაც პრობაციის სერვისებიც იქნება ხელმისაწვდომი
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 57-ე საზოგადოებრივი ცენტრი ქალაქ საჩხერეში გახსნა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრები, ძირითადად, ორიენტირებული არიან ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე. ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
მათივე ინფორმაციით, საჩხერის საზოგადოებრივი ცენტი პირველი საზოგადოებრივი ცენტრია, სადაც იუსტიციის სახლის, სოფლის მეურნეობის, განათლების სამინისტროებისა და კერძო სტრუქტურების სერვისების გარდა, მოსახლეობას პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც პრობაციონერებს მოემსახურება.
„პრობაციის ოფიცრების საზოგადოებრივ ცენტრებთან ინტეგრირება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებაა. ეს ყოფილი პატიმრებისა და პრობაციონერებს საშუალებას მისცემს, ყოველგვარი ფსიქოლოგიური დისკომფორტის გარეშე მიიღონ საჭირო მომსახურება და სერვისისთვის მიმართონ იმავე ინფრასტრუქტურას, რასაც მიმართავს მოქალაქე, რომელსაც პასპორტის ან დაბადების მოწმობის აღება სურს და პრობაციონერი არაა.
თეა წულუკიანის ინიციატივის მიზანი საზოგადოების მხრიდან ყოფილი პატიმრებისა და პრობაციის სერვისების ბენეფიციარების სტიგმატიზაციის სრულად აღმოფხვრაა. პრობაციის ოფიცრები მოსახლეობას ყველა ახალგახსნილ საზოგადოებრივი ცენტრში მოემსახურებიან. საჩხერის შემდეგ პრობაციის სერვისები ხელმისაწვდომი იქნება დმანისის, ადიგენისა და წნორის საზოგადოებრივი ცენტრებში. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის საჯარო სერვისი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა, ასევე;კომპანია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. იუსტიციის მინისტრმა საჩხერის მოსახლეობასა და სტუმრებს ახალი საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა მიულოცა”, – აცხადებენ სამინისტროში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, ქალაქის მერი ბენო ფალავანდიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი და ახლომდებარე სოფლების მოსახლეობა.
საჩხერის საზოგადოებრივი ცენტრი რიგით მეორეა, რომელიც აღნიშნულ მუნიციპალიტეტში გაიხსნა. საბანკო სერვისებით, მობილური ოპერატორის საშუალებით 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.
ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში მოეწყო უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული.