საჩხერეში სამთო მომზადების კურსების დასრულების ცერემონიალი გაიმართა
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების კურსების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. ინფორმაციას თავდაცვის სამიისტრო ავრცელებს.
სამთო მომზადების ზაფხულის შუალედური კურსი ქართველმა და უცხოელმა მონაწილეებმა გაიარეს, ტაქტიკურ-ტექნიკურ კურსს კი, აღმოსავლეთის სარდლობის I ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ქვედანაყოფის ნაკრები ოცეულის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ.
მათ სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით სამთო-ტექნიკური მომზადება გაიარეს და მაღალ მთაში სროლის ტექნიკას დაეუფლნენ. I ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა სამთო ელემენტების გამოყენებით ტაქტიკური ოპერაციებიც შეასრულეს. სკოლამ კიდევ ერთ კურსს უმასპინძლა.
საბაზისო კურსის ფარგლებში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საკანდიდატო კურსის მსმენელებმა სამთო ტექნიკური მომზადების ფარგლებში კლდეზე ცოცვა, დაბრკოლებათა ზოლის გადალახვა, ასევე დაშავებულის გადარჩენისა და ევაკუაციის ორგანიზება შეისწავლეს.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცათ.