საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება
საჩხერეში მუხრან მაჭავარიანის 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებები იმართება. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სხვდასხვა კულტურული ღონისძიება მიმდინარეობს.
სოფელ არგვეთში მუხრან მაჭავარიანის სახელობის პარკი გაიხსნა, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსების – „პოეტური მინიატურები“ და „საუკეთესო ლექსიკოგრაფიული ნაშრომის“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
ამასთან, სოფელ არგვეთში, მუხრან მაჭავარიანის სახლ-მუზეუმში არგვეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით ლიტერატურული კომპოზიცია „აი, ჩემი არგვეთი“ იქნა წარმოდგენილი.
გარდა ამისა, სახალხო დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა მსვლელობა „ჩემი სამშობლო მაღალია“ ფოლკლორული ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და დეკლამატორთა გამოსვლების მონაწილეობით. კულტურის ცენტრის საგამოფენო სივრცეში კი ძმებ ვართაგავების პერსონალური ფერწერული გამოფენა „მუხა კვლავაც შეიმოსება“ გაიხსნა.
დღესვე საჩხერის კულტურის ცენტრში მუხრან მაჭავარიანის დაბადების 90 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო – „სიტყვის მოქმედი ერისა“ გაიმართება.
„მუხრანი 90″-ის ფარგლებში გამართულ საიუბილეო ღონისძიებებს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პოეტები, მწერლები, მსახიობები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ესწრებიან.