საბურთალოს რაიონში, ალექსანდრე ქუთათელის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. განხორციელებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
ქუთათელის ქუჩაზე 2500 კვადრატული მეტრი ასფალტის ახალი საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, გაფართოვდა საფეხმავლო ბილიკი და გაკეთდა მოძრაობის შემზღუდავი ბარიერი, რის შემდეგაც, ფეხით სავალ ნაწილზე ავტომანქანების პარკირება შეუძლებელი იქნება.
გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, შშმ პირებისა და საბავშვო ეტლებისთვის ბორდიურზე მოეწყო პანდუსები, სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა ახალი განათების ბოძები. საგზაო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, კომპანია „ჯეუ გრუპმა“ განახორციელა. პროექტის ღირებულება 210 000 ლარს შეადგენს.
ქუთათელის ქუჩის გახსნისთანავე, დღეიდან, ტრანსპორტის მოძრაობის ახალი სქემაც ამოქმედდება, რომელიც თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშავა.
სქემის შესაბამისად, ქუთათელისა და იოსებიძის ქუჩის ქუთათელი-კალანდაძის მონაკვეთზე, ცალმხრივი მოძრაობის მიმართულება შებრუნდება.
შესაბამისად, ქუთათელის ქუჩაზე ავტომობილები შარტავასა და ხვიჩიას ქუჩებიდან მოხვდებიან, საიდანაც მოძრაობას იოსებიძეზე განაგრძობენ, ხოლო კალანდაძისა და იოსებიძის ქუჩების გზაჯვარედინზე, ისინი გადაადგილებას მარცხნივ – პეკინის გამზირისკენ, ან პირდაპირ – კვლავ იოსებიძის ქუჩაზე შეძლებენ.
სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა საგზაო ნიშნები განათავსა, ასევე, დაიხაზა საგზაო მონიშვნები.
„თქვენ გახსოვთ, ეს ქუჩა რა მდგომარეობაში იყო, დღეს არის კეთილმოწყობილი, გალამაზებული საფარი, კანალიზაცია, სანიაღვრეები სრულიად რეაბილიტირებულია, დამონტაჟდა ახალი განათებები, მიმდინარეობს დახაზვითი სამუშაოები და ძალიან მალე გაიხსნება, იქნება ცალმხრივი მოძრაობა და მგონია, რომ აქ მცხოვრები ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც ამ ქუჩაზე შემოვა, ნათლად ჩანს, რომ არის ძალიან კეთილმოწყობილი. ზოგადად, თბილისში გვაქვს ბევრი პრობლემა ქუჩების თვალსაზრისით და პროექტები, რომლებიც გვაქვს წამოწყებული, ზუსტად იქნება ასეთ დონეზე მოწესრიგებული, მოვლილი და გალამაზებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.