„საბურთალოს“ მწვრთნელი - უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში გასვლა შეგვიძლია
„საბურთალოს“ მწვრთნელი აცხადებს, რომ გუნდს უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში გასვლა შეუძლია.
“საბურთალო”-2 ხვალ, 22 ნოემბერს, სერბეთის “ბროდარაცს” უმასპინძლებს და ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, უეფას ახალგაზრდული ლიგის პლეი ოფში მოხვედრას შეეცდება.
„შეკრება 12 ნოემბერს დავიწყეთ და მიმაჩნია, რომ ბიჭები ნორმალურად არიან. სამწუხაროდ, ტრავმის გამო ამჯერადაც ვერ დაგვეხმარებიან ლუკა ლაკვეხელიანი და ბექა ბუიღლიშვილი. ყველა დანარჩენი მწყობრშია. “ბროდარაცი” ძლიერი გუნდია. თბილისში სერბები საომრად ჩამოდიან და ძნელი თამაში გველის. თუმცა ჩემი გუნდის, ბიჭების, მათი თავდადებისა და ჟინის მეიმედება და მჯერა, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლა შეგვიძლია” – ამბობს მთავარი მწვრთნელი რევაზ გოცირიძე.
1-ელ ნოემბერს, სერბეთში გამართული პირველი მატჩი “საბურთალომ” ფრედ, 1:1 დაასრულა. განმეორებითი დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 22 ნოემბერს 18:00 საათზე დაიწყება – მატჩზე დასწრება თავისუფალია.