22 ნოემბერს, “საბურთალო 2” სერბულ “ბროდარაცს” თბილისში დაუპირისპირდება. მაგრამ ჯერაც უცნობია, უეფას ახალგაზრდული ლიგის განმეორებითი შეხვედრა რომელ სტადიონზე გაიმართება.
უეფაში წარდგენილ განაცხადში “საბურთალოს” საშინაო არენად დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონია მითითებული, სადაც თბილისელებმა პირველ შესარჩევ ეტაპზე თურქულ “ბურსასპორს” უმასპინძლეს.
“საბურთალოს” სერბებთან განმეორებითი მატჩის გადატანა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ მოედანზე სურს. ამის თაობაზე თბილისური კლუბის თავკაცებმა უეფაში წერილი გააგზავნეს და პასუხს უახლოეს დღეებში ელიან.
შეგახსენებთ, რომ 1 ნოემბერს, რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა პირველი შეხვედრა სერბეთში “ბროდარაცთან” 1:1 დაასრულეს და ახალგაზრდული ლიგის პლეი-ოფში გასვლის მშვენიერი შანსი გაუჩნდათ.