საბოლოოდ ცნობილია, რა არის სინამდვილეში იაპონიაში დაცული „ქალთევზა-მაიმუნის“ მსგავსი მუმიფიცირებული არსება — #1tvმეცნიერება
საბოლოოდ ცნობილია, რა არის სინამდვილეში იაპონიაში დაცული „ქალთევზა-მაიმუნის“ მსგავსი მუმიფიცირებული არსება — #1tvმეცნიერება

სიღრმისეულმა ანალიზებმა საბოლოოდ ცხადყო, რისგან შედგება იაპონიის ქალაქ ასაკუჩის ენჯუ-ინის ტაძარში დაცული უცნაური, მუმიფიცირებული მაიმუნის მსგავსი არსება.

უკვე ათწლეულებია, ეს უცნაური ობიექტი დიდი ინტერესის საგანია. თუმცა, თანმხლები დოკუმენტის მიხედვით, ის ოკეანური წარმოშობისაა და საუკუნეების წინანდელია. 30 სანტიმეტრის სიგრძის სხეული ბეწვით არის დაფარული და პრიმატისას წააგავს, აქვს თევზის მსგავსი ქერცლიანი კუდი, ადამიანის მსგავსი ორი ხელი, რომლებიც ციცქნა, წვეტიან კბილებზეა მიდებული.

იაპონურ მითოლოგიაში, ადამიანის სხეულისა და თევზის ნაწილების ერთმანეთთან მიკერებულ ნამუშევრებს ნინგიო ეწოდება — წყლის არსებები, რომლებიც ნაკლებად მიმზიდველია, ვიდრე დასავლური ქალთევზა, მაგრამ გაჟღენთილია მრავალი ტრადიციითა თუ სწავლებით.

პავლოვნიის ხის ყუთში მოთავსებული ხელნაწერი მიუთითებს, რომ ის 1740 წელს დაიჭირეს ქალაქ კოჩის სანაპიროზე.

კურაშიკის მეცნიერებისა და ხელოვნების უნივერსიტეტის (KUSA) მეცნიერებმა 2022 წლის თებერვლალში ტაძრის წარმომადგენლებთან ერთად დაიწყეს მუშაობა, რათა საბოლოოდ დაედგინათ, რა შეიძლება ყოფილიყო სინამდვილეში ეს უცნაური არსება.

როგორც მათ დაადგინეს, სინამდვილეში, ეს ე. წ. ზღვის მაიმუნი სულაც არ არის ცხოველი და ადამიანის შემოქმედებაა.

სავარაუდო მუმიფიცირებული ნენგიოები იაპონიაში ბევრია აღმოჩენილი; მრავალი მათგანი ტაძრებისა და მუზეუმების საკუთრებაშია და ძირითადად ედოს პერიოდით (1603-1868) თარიღდება. გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი რამ ცოცხალი არასოდეს აღმოგვიჩენია, ამ ქმნილებათა წარმომავლობა თავსატეხს წარმოადგენს.

სულ მცირე ერთი ეგზმპლარის შემადგენლობის გასარკვევად, KUSA-ს ჯგუფმა ტაძართან ერთად იმუშავა არადესტრუქციული მეთოდით, ენჯუ-ინის არტეფაქტზე. კვლევაში გამოიყენეს ვიზუალური შეფასება, რენტგენული ვიზუალიზაცია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ოპტიკური და ელექტრონული მიკროსკოპი, რენტგენული ფლუორესცენციული ანალიზი, დნმ-ის ანალიზი და რადიონახშირბადული დათარიღება.

ყველაზე საოცარი ის აღმოჩნდა, რომ თუ ქვედა ყბას არ ჩავთვლით, ამ ნინგიოს საერთოდ არ აქვს ჩონჩხი და წარმოადგენს მაიმუნისა და თევზის ერთმანეთთან მიკერებულ ზოგიერთ ნაწილს.

სკანირებებმა ცხადყო, რომ მრავალი სხვადასხვა ნაწილისგან შედგება. აწყობისას გამოყენებული არ არის მერქანი. ძირითადად შედგება ქსოვილის, ბამბის და ქაღალდისგან; დაფარულია ნახშირის ფხვნილისა და პასტის შერევით დამზადებული ნივთიერებით. თავი ძირითადად ბამბისაა და თაბაშირის მსგავსი ნივთიერებით არის დაფარული.

თავზე თმები ცხოველის ბალანია, ფარფლები კი ორი სახეობის თევზისაა. ზედა ტანი დაფარულია მუცელნემსა თევზის კანით, ქვედა ტანის ქერცლიანი კანი კი ყიყინა თევზის სახეობას ეკუთვნის. ხუთ თითზე არსებული ფრჩხილები ცხოველური კერატინისგანაა დამზადებული, სავარაუდოდ რაღაცის რქისგან. ყბები გარკვეული სახის მტაცებელი თევზისგან არის აღებული.

ამას გარდა, რადიონახშირბადული დათარიღება უკუაგდებს „ქალთევზას“ თანმხლებ ყუთში არსებულ ჩანაწერს და მიუთითებს, რომ ეს არსება იმაზე ერთი საუკუნით გვიანდელია, ვიდრე იქ წერია.

„დამზადებულია ლამინირებული ქაღალდისა და მუცელნემსა თევზის კანისგან, ასევე გამოყენებულია ბამბა და პლასტელინის მსგავსი სხვა შემავსებელი ნივთიერებები; სავარაუდოდ, ის 1800-იანი წლების ბოლოს დაამზადეს“, — წერენ კვლევის ავტორები.

უცნობია, როგორ მოხვდა ეს ქალთევზის მსგავსი ქმნილება ენჯუ-ინის ტაძრის საკუთრებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემადგენლობა გაირკვა, იმ პერიოდის მნიშვნელოვან არტეფაქტად რჩება და საკუთარ ადგილს, ტაძარს მალე დაუბრუნდება.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.