საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაური იყო
საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ხმაურით წარიმართა დაცვის მხარის მოწმის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის მოქმედი მრჩევლის, სიმონ ნოზაძის დაკითხვა.
სასამართლო სხდომაზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილსა და ადვოკატ ბექა ბასილაიას შორის. ამის მიზეზი იყო ბექა ბასილაიას შეკითხვები მოწმის მიმართ, რასაც, არარელევანტურობის საფუძვლით, ბრალდების მხარე აპროტესტებდა.
„თქვენ უკვე ჩემგან შეკავება გჭირდებათ, არ გაინტერესებთ მოწინააღმდეგის აზრი, პროტესტი გაცხადდა უკვე. შევარდნაძეზე ტერაქტი განხორციელდა თუ არა, ამაზე არაა მოწმე მოწვეული“, – მიმართა მოსამართლემ ადვოკატ ბექა ბასილაიას, რომლის მოწმის მიმართ შეკითხვებიც შევარდნაძეზე ტერაქტს შეეხებოდა.
პროცესზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა საქმის პროკურორსა და ბექა ბასილაიას შორისაც. პროკურორმა ბასილაია შოუს დადგმაში დაადანაშაულა.
მანამდე ბასილაია ცდილობდა, მოწმისგან მიეღო ჩვენება, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წლის ოქტომბრიდან, ანზორ ჩუბინიძის დროსაც, საბიუჯეტო თანხები იმავე პრინციპით იხარჯებოდა, რაშიც სააკაშვილს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ედავებიან, თუმცა მოწმისგან ასეთი პასუხები ვერ მიიღო.
როგორც მოწმემ განაცხადა, ბექა ბასილაიას შეკითხვებთან დაკავშირებით საქმის კურსში არ არის, რადგან ეს საკითხები მისი კომპეტენცია არ ყოფილა.
ბასილაიამ მოწმეს ნახევარ მილიონამდე ხარჯები ჩამოუთვალა, რომელიც, მისი თქმით, 2013 წლის მარტიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბიუჯეტიდან კონკრეტული ფიზიკური პირის, ვალერიან კილაძის ანგარიშზე ჩაირიცხა. ბასილაიას მტკიცებით, ეს იყო კოტეჯების, სარესტორნო, დაჯავშნილი მანქანების, სასტუმროების, სამედიცინო მომსახურების ხარჯები. მოწმის განცხადებით, აღნიშნულ ხარჯებზე არაფერი იცის და საკითხთან სამსახურებრივი შეხება არ ჰქონია.