საბერძნეთში საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის გასაპროტესტებლად პროფკავშირებმა 24-საათიანი გაფიცვა გამოაცხადეს, მუშაობა შეაჩერა ათენის მეტრომ, დაიხურა სკოლები, ადმინისტრაციული დაწესებულებები
საბერძნეთში საცხოვრებელი ხარჯების გაზრდის გასაპროტესტებლად პროფკავშირებმა 24-საათიანი საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადეს. დემონსტრაციები იმართება ათენსა და სალონიკში. საჯარო სექტორში დასაქმებულები ხელფასების 10%-იან ზრდას და მე-13 და მე-14 ხელფასების აღდგენას ითხოვენ.
გაფიცულებს ასევე შეუერთდა საბერძნეთის კერძო სექტორში დასაქმებულთა უმსხვილესი პროფკავშირი GSEE.
გაფიცვის გამო რამდენიმე საათით მუშაობა შეაჩერა ათენის მეტრომ, შეჩერდა საბორნე მიმოსვლა. დაიხურა სკოლები, საბავშვო ბაღები და ადმინისტრაციული დაწესებულებები. სახელმწიფო საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ მომსახურებას უზრუნველყოფენ. ბერძნული მედიასაშუალებების ჟურნალისტებმა კი 24-საათიანი გაფიცვა ერთი დღით ადრე გამოაცხადეს, რათა დღეს დასაქმებულთა საყოველთაო გაფიცვის გაშუქება შეძლონ. პროფკავშირები პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს ინფლაციაში, სურსათისა და საცხოვრებელი ფასების გაზრდაში ადანაშაულებენ.